საქმე №207აგ-16 3 აპრილი, 2017 წელი
შ. ზ-ბ, 207აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ. შ-ს შორის 2016 წლის 22 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით. ზ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 50-ე მუხლის მე–21 ნაწილის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 თვით; სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ–ის 50-ე მუხლის მე–21 ნაწილის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 თვით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ზ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ზ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 ივნისიდან.
2. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. 2016 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენის გადასინჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. შ-ის შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. მსჯავრდებული ზ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, იმ მოტივით, რომ ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის სასჯელი გაუქმებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. შ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალებების - ,,ამფეტამინისა“ და ,,მეტამფეტამინის“ უკანონოდ მოხმარებისთვის, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
5. ამასთან, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და არა, ზოგადად, აღნიშნული ქმედებისთვის პირის დასჯა. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის (მაგალითად, ჯარიმის) განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე