საქმე №212აგ-16 10 აპრილი, 2017 წელი
თ. ნ-ა, 212აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გორის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ნ. თ-ს შორის. ნ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით. სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, ნ. თ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი. ნ. თ-ს 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. 2016 წლის 13 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ნ. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განაჩენის გადასინჯვა და ნასამართლობის მოხსნა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი – მსჯავრდებული ნ. თ. ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-სა და მისი ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე