¹ას-981-1282-07 20 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ საქართველოს ............ სააგენტო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე (მოპასუხე)
მესამე პირი _ საქართველოს ........ სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და ზედმეტად მიღებული თანხების გადახდევინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 9 მარტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის «ს-ის» წარმომადგენელმა დ. მ-მა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ნ. ც-ის, სს «ტ-ის» გაკოტრების მმართველ ზ. ი-ის მიმართ და მოითხოვა, მარჩენლის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სარჩოს დანიშვნის შესახებ სს «ტ-ის» ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, ასევე ბრძანების საფუძველზე დარიცხული სარჩოს ფონდის სახაზინო ანგარიშზე აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლიდან, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლისა და «სსიპ _ ს-ის ჩამოყალიბების შესახებ» 2002 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შემდეგ, 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში დაზარალებულთა აღრიცხვის, სარჩოს გაანგარიშების, ზიანის ანაზღაურების ფუნქცია დაეკისრა ფონდს. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სარჩოს დანიშვნის თაობაზე უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, სს «ტ-ის» ადმინისტრაციის 1999 წლის 2 თებერვლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ნ. ც-ეს, მარჩენლის გარდაცვალების გამო, სარჩო დაენიშნა. ნ. ც-ის მეუღლე ზ. ც-ემ მაღაროში მუშაობისას ტრავმა მიიღო და 1995 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოსარჩელის მტკიცებით, ნ. ც-ეს მარჩენლის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიური სარჩო ისე დაენიშნა, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტის საწარმოში მომხდარ ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი არ დადგენილა.
ტყიბულის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, სს «ტ-ის» 1999 წლის 2 თებერვლის ბრძანება, ნ. ც-თვის მარჩენლის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის შესახებ, კანონშეუსაბამოდ ცნო და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა ამ ბრძანების შესაბამისად უსაფუძვლოდ დარიცხული თანხის სსიპ «ს-ის» სასარგებლოდ ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სს «ტ-ის» შესაბამისი ბრძანების უკანონოდ აღიარების იურიდიული ინტერესი, ასევე ჩათვალა, რომ, ვინაიდან ტრავმით მიყენებულ ზიანსა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ ყოფილა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით, გამორიცხული იყო საწარმოს პასუხისმგებლობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ც-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე ტრავმასა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის მიზნით, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დანიშვნა. აპელანტის მტკიცებით, რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კონონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კი, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულების ნაცვლად, სამოქალაქო კოდექსის ნორმებით იხელმძღვანელა. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» ბრძანებულების 61-ე მუხლი ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხის დაბრუნებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
2007 წლის 2 ოქტომბერს საქმეში «ს-ის» ნაცვლად, მისი უფლებამონაცვლე _ საქართველოს ........... სააგენტო ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ისა და მის წარმომადგენელ ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სს «ტ-ის» 1999 წლის 2 თებერვლის ¹ 20 ბრძანების უკანონოდ ცნობისა და ამავე ბრძანებით ნ. ც-თვის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1960 წლის 17 მარტს ზ. ც-ემ საწარმოო ტრავმა მიიღო, რაზედაც შედგა აქტი და ამ უკანასკნელს განესაზღვრა ინვალიდობის მესამე ჯგუფი, პროფესიული შრომის უნარის 100%-ით დაკარგვით. ზ. ც-ე 1995 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ნ. ც-ეს, სს «ტ-ის» 1999 წლის 2 თებერვლის ¹ 20 ბრძანებით, მარჩენლის დაკარგვით გამოწვეული ზაინის ასანაზღაურებლად, ყოველთვიური სარჩო დაენიშნა. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულებით უნდა ეხელმძღვანელა, რომლის 35-ე და მე-15 მუხლების საფუძველზე ნ. ც-ე წარმოადგენდა სარჩოს მიღების უფლების მქონე სუბიექტს, ამასთან აღნიშნული ბრძანებულება გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი მეუღლისათვის სარჩოს დასანიშნად მიზეზობრივი კავშირის არსებობას არ ითვალისწინებდა. მიზეზობრივი კავშირის არსებობას არც აღნიშნული ბრძანებულების მიღებამდე მოქმედი მინისტრთა საბჭოს დადგენილება ითვალისწინებდა. ამგვარი კავშირის არსებობის აუცილებლობის პირობა მხოლოდ 2003 წლის ცვლილებებით იქნა შემოღებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს .......... სააგენტოს წარმომადგენელმა შ. კ-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ნ. ც-თვის სარჩოს დანიშვნის მომენტისათვის მიღებული არ ყოფილა. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1985 წლის 4 მარტის ¹ 131 დადგენილებით, რომლის მე-17 მუხლში გათვალისწინებულია კომისიების ვალდებულება _ დაადგინონ მიზეზობრივი კავშირის არსებობა მარჩენლის სიკვდილსა და საწარმოო ტრავმას, პროფესიულ დაავადებას, ფრონტზე ყოფნასა და სხვა გარემოებებს შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრისათვის პენსიის დანიშვნისა და ზარალის ანაზღაურების საკითხის გადასაწყვეტად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ......... სააგენტოს წარმომადგენელ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ სსიპ საქართველოს ......... სააგენტოს წარმომადგენელ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
ნ. ც-ის მეუღლემ, ზ. ც-ემ, 1960 წლის 17 მარტს საწარმოო ტრავმა მიიღო, რაზედაც აქტი შედგა და ზ. ც-ეს ინვალიდობის მე-3 ჯგუფი განესაზღვრა, პროფესიული შრომის უნარის 100%-ით დაკარგვით;
ზ. ც-ე 1995 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ნ. ც-ეს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, სს «ტ-ის» 1999 წლის 2 თებერვლის ბრძანებით ყოველთვიური სარჩო დაენიშნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მოცემულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდებოდა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება, რადგანაც აღნიშნული ნორმატიული აქტი ნ. ც-თვის სარჩოს დანიშვნის შემდეგაა მიღებული.
ზემოაღნიშნული ბრძანებულების 63-ე მუხლის მიხედვით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, შესაბამისად, თავად კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრულია მისი გავრცელება მის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ და სააპელაციო სასამართლოს დავის გადაჭრისას სწორედ ამ ბრძანებულებით უნდა ეხელმძღვანელა.
¹48 ბრძანებულების 2003 წლამდე მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან აღნიშნულ პუნქტში 2003 წელს განხორციელებულ ცვლილებამდე არ იყო ჩაწერილი ფრაზა, «თუ გარდაცვალების მიზეზი გახდა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმა», ბრძანებულება არ ითვალისწინებდა მიზეზობრივი კავშირის აუცილებლობას გარდაცვალებასა და საწარმოო ტრავმას შორის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურება არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმა. კერძო სამართალი, ზიანის ანაზღაურების (იქნება ეს დელიქტით, ხელშეკრულების დარღვევით თუ საწარმოო ტრავმით გამოწვეული ზიანი) ვალდებულების წარმოშობის საკითხის განსაზღვრისას ემყარება ზიანის დადგომის, მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ბრალის, ასევე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის ერთობლივად არსებობის აუცილებლობას. აღნიშნული ოთხი ელემენტიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას, ამდენად, თუ პირის გარდაცვალების ფაქტი დაკავშირებული არ არის საწარმოო ტრავმასთან, ორგანიზაციის პასუხისმგებლობა გამორიცხულია და, შესაბამისად, არც გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სარჩოს დანიშვნის ვალდებულება არსებობს. ¹48 ბრძანებულების 2003 წლამდე მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ «წესების» საფუძველზე, დამქირავებელი მხოლოდ ბრალეულად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეა პასუხისმგებელი. რაც შეეხება მე-4 პუნქტს, იგი გამომდინარეობს და ემყარება ბრძანებულების მე-3 პუნქტს და, ამდენად, თავდაპირველი სახითაც ბრალეულობის პრინციპს აღიარებდა. 2003 წლის ცვლილებებით მისი ფორმულირება შეიცვალა და დაზუსტდა, შინაარსი კი უცვლელი დარჩა, არც ახალი მოთხოვნა ყოფილა შემოღებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» ბრძანებულების ნორმები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა ან არსებობს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოსაკვლევია არის თუ არა ზ. ც-ის გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირში საწარმოო ტრავმასთან, ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოს ბრალეულობას სადავოდ დამსაქმებელი _ «საქართველოს ............. სააგენტო» ხდის, სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის, კერძოდ კი, ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება მას ეკისრება.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას – ზიანის ასანაზღაურებლად გაცემული თანხების დაბრუნებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.
¹48 ბრძანებულების 61-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე, ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემთა დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე.
დავის განხილვისას, მოსარჩელეს, საქართველოს ........ სააგენტოს, არ მიუთითებია თანხის დაბრუნების არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი, ამასთან, თუნდაც საქმის ხელახლა განხილვისას დადგინდეს საწრმოო ტრავმასა და ზ. ც-ის გარდაცვალების ფაქტს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა, აღნიშნული გარემოება სარჩოს სახით გაცემული თანხის დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ც-თვის უსაფუძვლოდ დარიცხული და გაცემული თანხების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სსიპ «საქართველოს ......... სააგენტოს» წარმომადგენელ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. ც-თვის მარჩენლის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების კანონშეუსაბამოდ აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ც-თვის უსაფუძვლოდ დარიცხული და გაცემული თანხების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.