#628აპ.-15 ქ. თბილისი
ვ. დ-თ-628ap.-15 5 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ვ-ს, – , ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2015 წლის 21 აგვისტოს №---- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში თ-ოს რაიონის მ-ში, მ. წ-ის ქუჩის №--ში მცხოვრებ დ. ვ-ს „ს- -ის“ კურიერის – ა. ლ-ის მეშვეობით ზემომითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა აღმასრულებლის მოთხოვნა ქონებრივი ნუსხის წარდგენის შესახებ და ამასთან, გააფრხილეს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მან არ წარადგინა ქონებრივი ნუსხა აღმასრულებელთან.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით დ. ვ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. გაუქმდა დ. ვ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. მან მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. ვ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თვითონ დანაშაული და არა – მისი თითოეული კომპონენტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ამიტომ დ. ვ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ. ვ-ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება დ. ვ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაცო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა) შემადგენლობისათვის აუცილებელია სავალდებულო სუბიექტის (მოვალის) არსებობა. ამასთან, სავალდებულო სუბიექტი (მოვალე) სათანადო წესის დაცვით უნდა იყოს გაფრთხილებული ქონების ნუსხის წარდგენის ვალდებულების და ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ. ვ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ დ. ვ. სათანადო წესის დაცვით გააფრთხილეს ქონების ნუსხის წარდგენის ვალდებულების და ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქმეშია ურთიერთსაწინააღმდეგო მასალები, რომლებიც სავარაუდო ხასიათისაა. ვარაუდი კი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი ვერ გახდება. ამის თაობაზე საკმაოდ ვრცლად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რომლის მიერ გამოტანილ დასკვნას საკასაციო პალატაც ეთანხმება.
8. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ვ-ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე