Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№660აპ-16 ქ. თბილისი

ა. ზ-ბ, 660აპ-16 24 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ზ. ა., – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 22 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოება:

· 2014 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, კ-ის რ-ის სოფელ ხ-ში მცხოვრებმა ზ. ა-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით ჩაიდინა თანასოფლელის – ნ. კ-ის განზრახ მკვლელობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ა. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. მსჯავრდებული ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №187აგ–16, №424აპ–16) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – გ. გ-ას კ-ის, ბ. კ-ის, ა. კ-სა და მ. გ. კ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს, ნ. კ. და ზ. ა. ხმამაღლა კამათობდნენ; გარდა ამისა, მათ შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში რომ გადაიზარდა, ამას ადასტურებს ასევე სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2014 წლის 19 მარტის №--- და 2014 წლის 2 მაისის №--- დასკვნები (რომელთა სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ჭ-მა), ბიოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 10 აპრილის №---- და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2014 წლის 14 აპრილის №--- დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ზ. ა-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ამიტომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე