Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№656აპ-16 ქ. თბილისი

ა. ლ-ნ, 656აპ-16 25 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომეო ტყაბლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით ლ. ა., –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (ი. შ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის -თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (ზ. გ-ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (ს. ს-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლენად მკაცრი და საბოლოოდ ლ. ა-ას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით.

· ლ. ა-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 25 ივლისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ და მსჯავრდებულ ლ. ა-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ზ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ტყაბლაძისა და მსჯავრდებულ ლ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ზ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

· მსჯავრდებულ ლ. ა-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე.

· ლ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (ი. შ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (ზ. გ-ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (ს. ს-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ა-ას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

· ლ. ა-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 25 ივლისიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· 2015 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ლ. ა-ამ უკანონოდ შეაღწია ბ-ში, მ-ის ქუჩა N-ში მდებარე ზ. გ-ას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს, ნოუთბუქს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 600 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· 2015 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ლ. ა-ამ უკანონოდ შეაღწია ბ-ში, ზ. გ-ის ქუჩა N--ში მდებარე ს. ს-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფულად თანხას - 110 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

· 2015 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ლ. ა-ამ უკანონოდ შეაღწია ბ-ში, მ-ის ქუჩა N--ში მდებარე ი. შ-ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 660 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონებს, ვერცხლის სამკაულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. შ-ის ეპიზოდში ლ. ა-ას მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, მართალია, ლ. ა-ამ საცხოვრებელ ბინაში მობილური ტელეფონები და ვერცხლის სამკაული ისე აიღო, რომ ი. შ-სა და ა. მ-ს არ შეუნიშნავთ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს მოწმეთა მიერ მითითებულ ვითარებაში ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ქონება თავისი შეხედულებით განეკარგა და მას შემდეგ რაც ი. შ-ემ და ა. მ-მა იგი საცხოვრებელ ბინაში შენიშნეს, ლ. ა. ძირს გადახტა, რითაც უკვე აშკარად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს. რაც შეეხება სასჯელს, იგი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საბოლოოდ მსჯავრდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ლ. ა-ას მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ზემომითითებულ დანაშაულებთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №5აპ-16, №410აპ-16 , #207აპ-13, №282აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ დასტურდებოდა ნივთების აშკარად დაუფლება და რატომ მოიცავდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ელემენტებს ლ. ა-ას ქმედება.

8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება აგრეთვე შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №313აპ-16, №21აპ-16).

9. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი განსახილველ შემთხვევაში არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომეო ტყაბლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე