Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№617აპ-16 ქ. თბილისი

ა. კ-რ, 617აპ-16 18 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით კ. ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; გაუქმდა კ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თ. ზ-ის მიერ 2014 წლის 21 აგვისტოს N--- სისხლის სამართლის საქმეზე სს „---ში“ (ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი --, აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიში ---- მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი ---), კ. ა-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ გირაოს სახით გადახდილი თანხა - 7 000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდა გირაოს შემტანს - თ. ზ-ს (პ/ნ ----).

2. კ. ა-ს ბრალი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:

· 2014 წლის 19 აგვისტოს თ-ში, გ-ის „ა“ მიკრორაიონში მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ა. პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს, რა დროსაც მისგან ამოიღეს ერთი თეთრი მთლიანი აბი და თეთრი აბის სამი ნატეხი, რომლებიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,01735 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს.“

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენის, როგორც უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებასა და კ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კ. ა-ის გამტყუნებისათვის. კასატორის პოზიციით, გ. მ. კ. ა-ის დიდი ხნის მეგობარი და ოჯახის ახლობელია, მაგრამ მისი გადმოცემით, არავის შეუძლია იმ ფაქტის დადასტურება, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს იგი კ. ა-ის სახლში და საშაურმეში იმყოფებოდა. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ დასახელებული მოწმის ჩვენება და რატომ უგულებელყო სახელმწიფო სამსახურში მყოფი ექვსი პოლიციელის ჩვენებები. პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ დაკავებულის გზის მეორე მხარეს გადაყვანის მიზანს წარმოადგენდა საგამოძიებო მოქმედების ხელის შეშლის თავიდან აცილება. ამასთან, საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგა ჩხრეკისა და დაკავების ადგილზე, ავტომანქანასთან და შემდეგ, ვინაიდან შუა ქუჩაში ოქმის შევსება ფიზიკურად შეუძლებელი იყო, იგი ავტომანქანაში გაგრძელდა. სასამართლომ ერთ-ერთ არგუმენტად აგრეთვე მიუთითა, რომ გაუგებარი იყო მოწმე მ. ბ-ის მითითებულ საათებში დაკითხვა, მაშინ, როდესაც იმავე დროის პერიოდში აღნიშნულმა მოწმემ დაკავებული ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიყვანა და დასკვნაც თავად ჩაიბარა. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნულ დროის ცდომილებას არ გააჩნია არსებითი ხასიათი, რის გამოც დასახელებული გარემოება კ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა, კერძოდ, მსჯავრდებულ კ. ა-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №448აპ-16, №524აპ-15, №516აპ-15). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და რომ მოწმე გ. მ-ის ჩვენებით პოლიციის ექვსი მუშაკის ჩვენება გაურკვეველი მიზეზებით გადაიწონა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურორს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხი გაეცა და ამასთან, გადაწყვეტილებით დასაბუთებულია თავად ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ გადმოცემულ რომელ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებობდა წინააღმდეგობები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე