Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№658აპ-16 ქ. თბილისი

ბ. რ-ზ, 658აპ-16 25 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი გორგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით რ. ბ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2. რ. ბ-ს ბრალად ედებოდა ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მასვე ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 27 დეკემბერს ზ-ის რაიონის სოფელ ქ. ს-ში შელაპარაკების ნიადაგზე რ. ბ-მა ქვა ესროლა დ. ს-ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და თავის არეში ქვის მოხვედრით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

· 2015 წლის 27 დეკემბერს ზ-ის რაიონის სოფელ ქ. ს-ში, შელაპარაკების ნიადაგზე რ. ბ-მა ქვების სროლით დააზიანა დ. ს-ის კუთვნილი “OPEL VECTRA“-ს მოდელის ავტომობილის წინა მარჯვენა მაშუქის მოხვევის მანიშნებელი, წინა, მარცხენა კარის მოძრავი მინა, ავტომობილის საბარგულის სახურავი და წინა მარცხენა კარი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიაყენა 295 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, რ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია რ. ბ-ის გამტყუნებისათვის. კასატორის პოზიციით, სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ბრალდებულ რ. ბ-სა და მისი ახლო მეგობრების (გ.კ-ის, კ. კ-ის, ა. შ-ის, ბ. ჩ-ის) ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ რ. ბ-მა მხოლოდ ერთხელ ესროლა ქვა დაზარალებულს. ეს პირები აშკარად ცრუობენ და სასამართლოს არ სთავაზობენ ალტერნატიულ ვერსიას დაზარალებულის თავის არეში არსებული დაზიანების თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, რ. ბ-ის ბრალეულობა დასტურდება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სათანადო ექსპერტიზის დასკვნებითა და დაზარალებულის ჩვენებით. თუ დ. ს-ის სახლიდან გასვლისა და დაბრუნების მოვლენათა ქრონოლოგიას ლოგიკურად გავყვებით, აშკარა იქნება, რომ დაზარალებულს სხვა ადგილას წასვლის, ჯანმრთელობისა და ავტომანქანის დაზიანების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არსებული დაზიანებები მანქანაზე შეუძლებელია განვითარებულიყო მავთულბადესთან მსუბუქად შეჯახების შედეგად. სასამართლოში გამოკვლელული მტკიცებულებები - სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები განაჩენში არასრულყოფილად, ეპიზოდურად არის ასახული და ყურადღების გარეშე ისეთი ფაქტობრივი გარემოებებია დატოვებული, რომლებიც რ. ბ-ის ბრალეულობას ადასტურებს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. რ. ბ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №424აპ-16, №510აპ-15, №397აპ-14, №390აპ-14). აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენასი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულყოფილად და ეპიზოდურად არის შეფასებული, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ბ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს (სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასრულწლოვანი კასატორის არსებობას), საქმის მასალების შესწავლის მიხედვით, ზემომითითებული გარემოებები არ იკვეთება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი გორგაძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე