Facebook Twitter

¹ას-98-443-07 23 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ხ-ის წარმომადგენელ ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ნ. უ-ს სარჩელის გამო თ. ხ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და მკურნალობის ხარჯების გადახდევინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. უ-მ 2005 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ხ-ის წინააღმდეგ და სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1215-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ბავშვის აღსაზრდელად, ყოველთვიურად მისი ყოველგვარი შემოსავლის 1\4 - ასევე ბავშვის სამკურნალო ხარჯის - 250 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ... წლის ... იანვარს შეეძინათ შვილი – დ. ხ-ე. 2005 წლის თებერვლამდე მოპასუხე მონაწილეობას ღებულობდა ბავშვის აღზრდაში, პერიოდულად უგზავნიდა ნ. უ-ს 200 დოლარს. 2005 წლის თებერვლიდან კი მიატოვა ოჯახი და არ ღებულობს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ნ. უ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ხ-ს დაეკისრა ნ. უ-ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის გადახდა ყოველგვარი შემოსავლის 1\4 - ოდენობით ბავშვის სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2005 წლის 11 აპრილიდან. სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის სამკურნალო ხარჯის - 250 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ხ-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ხ-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინებით თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ხ-ის წარმომადგენელ ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება; ნ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. ხ-ს მისი არასრულწლოვანი შვილის – დ. ხ-ის სასარგებლოდ დეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყო 2005 წლის 11 აპრილიდან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ხ-ის წარმომადგენელმა ვ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინებაში ცვლილებების შეტანა იმ მხრივ, რომ მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, რომლის საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ალიმენტის გადამხდელის შემოსავალს, ე.ი. ხელფასის ოდენობის შესახებ ცნობას, მაშინ, როდესაც ყურადღება არ გაუმახვილებია მეორე მშობლის მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობისა და შემოსავლის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლი, რითაც უგულებელყო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გადახდის განწილვადების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერლის განჩინებით თ. ხ-ის წარმომადგენლის – ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ნ. უ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის წარმომადგენლის – ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თ. ხ-ის წარმომადგენლის – ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ხ-ის წარმომადგენლის – ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.