Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№612აპ-16 ქ. თბილისი

ც-ა დ, 612აპ-16 6 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით დ. ც-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 აპრილიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო, ასევე – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მოთავსების ვადა – 2016 წლის 20 მაისიდან იმავე წლის 1 ივნისამდე. მსჯავრდებულ დ. ც-ას 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· დ. ც-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,7426 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად – შარვლის წინა, მარცხენა ჯიბეში და რომელიც ამოიღეს 2016 წლის 26 აპრილს ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-ამ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ. ც-ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით: დ. ც-ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ითანამშრომლა გამოძიებასთან; არის ფსიქიკურად დაავადებული (დიაგნოზი – მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა) და წლების განმავლობაში მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; აქვს მძიმე ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა; კმაყოფაზე ჰყავს 84 წლის ავადმყოფი დედა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ დ. ც-ასათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარე ხდის სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ხოლო საკასაციო საჩივარში ჩამოთვლილი შემამსუბუქებელი გარემოებები დ. ც-ასათვის სასჯელის განსაზღვრისას უკვე გაითვალისწინეს ჯერ პირველი ინსტანციის, შემდეგ კი – სააპელაციო სასამართლოებმა და მსჯავრდებულს დაუნიშნეს ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #99აპ-12, #93აპ.-15).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ც-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე