საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№640აპ-16 ქ. თბილისი
ც-ი ე, 640აპ-16 7 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით ე. ც-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ არ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. გაუქმდა ე. ც-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
· 2015 წლის 11 მაისს -ოს რაიონის სოფელ -ში ე. ც-მა ყოფილი მეუღლის – ნ. ც-ის მიმართ განახორციელა ოჯახური ძალადობა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე. ც-მა ჯოხით სცემა ნ. ც-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ე. ც-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის მე-111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ე. ც-ს მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული არ ჩაუდენია; განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელ ჩვენებებს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ე. ც-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. #456აპ-16, #456აპ.-14), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად. პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მითითებას, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელ ჩვენებებს. მოწმეები: ნ. ც-ი, ი. ც-ი და გ. ც-ი თითქმის ერთნაირად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის არის მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
11. გარდა აღნიშნულისა, მოწმეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს სრულად შეესაბამება სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 17 მაისის №002805215 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, ნ. ც-ი 2015 წლის 11 მაისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა დიაგნოზით – მარჯვენა წვივის სისხლნაჟღენთები და ქვედა ყბის დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა. კ-მა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე