ას-988-1234-04 16 ივლისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ.-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 28 მაისის განჩინება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 14 ნოემბერს კ. კ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. გ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კ. კ.-ს უარი ეთქვა ნ. გ.-ისა და ტ. ჯ.-სათვის 2400 ლარის გადახდის დაკისრებაზე, ხოლო მოპასუხეები მათთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ...-ის მე-3 მ/რ-ის, 337-ე კორპუსში მდებარე კ. კ.-ს სახელზე რიცხული ¹150 ბინიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების ნაწილში გაასაჩივრა ნ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით, ი. კ.-ს შუამდგომლობის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა სხვა საქმის გადაწყვეტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით განახლდა ნ. გ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალედბი და თვლის, რომ ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამ ნორმის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მესაკუთრეს.
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ბინა აუქციონზე შეიძინა ნ. გ.-მ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. კ.-ს სარჩელი იძულებითი აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერით უდავოდ დადგენილია, რომ თბილისში, ...-ის მე-3 მ\რ-ის 337-ე კორპუსში მდებარე ¹150-ე ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება ნ. გ.-ის სახელზე. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს, შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მას არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 28 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
კ. კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.