ას-990-1268-09 19 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ,
მოსამართლე რ. ნადირიანმა
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. უ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2009 წლის 17 თებერვალს ლ. უ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ჯ. ი-იანის მიმართ და მოითხოვა ქონების მიკუთვნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის პირველი ივნისის განჩინებით ლ. უ-ძის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული სასარჩელო განცხადებაზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი (შინაარსობრივად კერძო საჩივარი) შეიტანა ლ. უ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება, დაკარგული საქმის მოძიება, 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და მისთვის ქონების დაკანონება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით ლ. უ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. უ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე სააპელაციო სასამართლოების განჩინებები, რომლებიც გამოტანილია სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე განჩინება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება მიიღება განჩინების ფორმით.
მითითებული მუხლის დანაწესის თანახმად, საქმის განხილვის დროს წამოჭრილი ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში განხილულ იქნა ლ. უ-ძის სააპელაციო საჩივარი (შინაარსობრივად კერძო საჩივარი), რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებას სასარჩელო განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, რის გამოც აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელი იყო.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ლ. უ-ძის საკასაციო საჩივარი თავისი ხასიათით კერძო საჩივარს შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაშიც, საპროცესო კანონმდებლობით კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესების გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი განჩინებაზე დასაშვებია, თუ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ ზემდგომი სასამართლო წყვეტს საბოლოოდ საკითხს კერძო საჩივრის დასაშვებობის, მისი დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მის მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომელმაც 2009 წლის 30 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით არ დააკმაყოფილა ლ. უ-ძის კერძო საჩივარი, შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, აღნიშნული განჩინება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ, ლ. უ-ძის საკასაციო საჩივარი (რომელიც თავისი ხასიათით კერძო საჩივარს წარმოადგენს), როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. უ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.