საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№696აპ-16 ქ. თბილისი
გ. თ-ი, 696აპ-16 26 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით თ. გ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4, მე-6 ნაწილებით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 14 მარტიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-ამ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი სიმთვრალეში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 1 იანვარს, ღამის საათებში, ნასვამი თ. გ. მართავდა „ვაზ 21-07“ მარკის ავტომანქანას, სახ. №---, რა დროსაც მ-ის რაიონის სოფელ დ. ჭ-ში, დ. ჭ-ის საავტომობილო გზაზე, დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15, 33.1, 33.2 და 33.6 მუხლების მოთხოვნები და დაეჯახა საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე ბ. ზ-ას, გ. გ-სა და ა. პ-ას. აღნიშნული შეჯახების შედეგად გ. გ-მ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო ა. პ. მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა მ-ის რაიონულ საავადმყოფოში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ თ. გ-თვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვრამდე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ თ. გ-ას პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა განუსაზღვრეს ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #505აპ-15).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე