საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№642აპ-16 ქ. თბილისი
კ-ე ქ-ს, 642აპ-16 11 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ქ. კ-ისა და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
· ქ. კ-ე, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ქ. კ-ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
· ქ. კ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 5 ოქტომბრიდან.
· ვ. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
· ვ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 5 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
· 2004 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ვ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „თ,“ „ი,“ „ლ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· 2012 წლის 31 მაისის განაჩენით ქ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
· 2015 წლის 5 ოქტომბერს ქ. კ-ე და ვ. ა-ი იმყოფებოდნენ თ-ში, -ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც განიზრახეს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. ამ მიზნით, მათ მოქალაქე ხ. ქ-ეს აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა - 6400 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ქ. კ-ემ და ვ. ა-მა.
5. ქ. კ-ე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას იმ მოტივით, რომ იგი არის უდანაშაულო, ხოლო განაჩენი დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ობიექტურად და კანონიერად შეფასებული. მტკიცებულებების არასადავოდ ცნობის დროს მან ვერ გააცნობიერა შეკითხვის მნიშვნელობა, ხოლო მისი ადვოკატი კი აშკარად პროკურატურასთან თანამშრომლობდა, რის გამოც იგი აიცილა, მაგრამ შედეგი არ მიუღია. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც განაჩენში ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. კასატორის პოზიციით, მან არსებითი განხილვის სხდომაზე უარყო ძარცვის ჩადენა და დაადასტურა დაზარალებულისათვის ხელის დარტყმის ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები მისთვის უცნობია. კასატორის პოზიციით, ანალოგიური განცხადება გააკეთა ვ. ა-აც. ამასთან, ისინი დანაშაულის ჩასადენად წინასწარ არ შეთანხმებულან. ქ. კ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს და მისი ჩხრეკის შედეგად თანხა, რომელსაც ედავებოდნენ, ამოღებული არ ყოფილა. ფაქტზე შესაძლებელი იყო თუ არა საფულეში ბრალად შერაცხული თანხის მოთავსება, შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარებული არ ყოფილა.
6. ვ. ა-ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გულწრფელად ნანობს ჩადენილ საქციელს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ ქ. კ-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. #381აპ-16, #161აგ-15, #248აგ-13). ანალოგიურად, ვ. ა-ის მიერ რეციდივის გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა არ შეიცავს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებულ შემთხვევას (მაგლითისათვის იხ. №21აპ-16, #30აგ-16, №49აპ-16), და არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არც სავარაუდოა უზენაესი სასამართლოს მიერ ამ დრომდე მიღებული პრაქტიკის შევცლა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
10. რაც შეეხება ქ. კ-ის მითითებას, რომ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხები გაეცა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია.[1]
11. ქ. კ-ის მიერ მტკიცებულების უდავოდ ცნობის მნიშვნელობის არცოდნასთან და მის საწინააღმდეგოდ, ადვოკატის პროკურატურასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალათა თანახმად, ასეთი გარემოება არ დასტურდება და შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორთა მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ქ. კ-ისა და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, N21522/93, 29/05/1997, §43 და Hiro Balani v. Spain, N18064/91, 09/12/1994, §28;