საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№712აპ-16 ქ. თბილისი
მ. შ-ა, 712აპ-16 24 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით შ. მ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
· 2014 წლის 1 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ჰიუნდაი“, სახ. №---, რომელსაც მართავდა შ. მ.. დაახლოებით 17.15 საათზე, აღნიშნული საავტომობილო გზის 97-ე კილომეტრზე მოძრაობისას, შ. მ-ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ბმვ-ს“, სახ. №---, რომელსაც მართავდა ზ. გ., ხოლო შემდეგ შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ოპელს“, სახ. №---, რომელსაც მართავდა გ. კ.. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ. კ-ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ა. კ-ემ და მ. ლ-მა – ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, შ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით, სასჯელის განსაზღვრას სანქციის ფარგლებში და მართვის უფლების ჩამორთმევას მაქსიმალური ვადით იმ მოტივით, რომ შ. მ-ეს შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე ჰქონდა გონების დაკარგვის შემთხვევა, ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და ინფორმირებული უნდა ყოფილიყო თავისი დაავადების შესახებ; გარდა ამისა, დაუდგენელია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის წინ შ. მ-ემ ნამდვილად დაკარგა თუ არა გონება. შესაბამისად, მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ შ. მ-ემ იცოდა ცერებროვასკულური დაავადების, ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის შესახებ, რომელსაც შეეძლო თავის ტვინის გარდამავალი იშემიური შეტევების გამოწვევა. დადგენილია, რომ 2011 წელს შ. მ-ემ დაკარგა გონება, მაგრამ იმავე წელს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით მას დაუდგინდა მხოლოდ ცვლილებები სისხლძარღვებზე, რაც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს. რაც შეეხება დიაგნოზსა და ჩატარებულ მკურნალობას, აღნიშნულის შესახებ, საქმის მასალების მიხედვით, არაფერია ცნობილი. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების – ზ. გ-ის, გ. ც-ის, ნ. კ-სა და ა. გ-ის ჩვენებებით, შ. მ-ეს აღენიშნებოდა ნევროლოგიური პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ცნობიერების შეცვლით ან სრული კარგვით. 2014 წლის 1 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თუ მას განუვითარდებოდა გონების კარგვით თანმხლები თავის ტვინის გარდამავალი იშემიური შეტევა, შ. მ. ვერ შეძლებდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებასა და გაცნობიერებული მოქმედების შესრულებას, მათ შორის – ავტომანქანის მართვას.
10. პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაუდგენელია, ავტოსაგზაო შემთხვევის წინ შ. მ-ემ ნამდვილად დაკარგა თუ არა გონება. ბრალდების მხარის ეს მოსაზრება არის მხოლოდ ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16).
11. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა შ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე