Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№632აპ-16 ქ. თბილისი

ქ. დ-თ, 632აპ-16 27 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განაჩენით დ. ქ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ. ქ-ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 8 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· 2015 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, დ. ქ-ემ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მ. ნი-ს. დ. ქ-ემ თავისი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით, სახ. №---, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაადგილა მ. ნ. თ-ში, მ-ის ქუჩა N--დან, რ-სა და აღ-ის ქუჩების გავლით და მიიყვანა სოფელ ვ-ის წრიულთან. მ. ნ. სთხოვდა ავტომანქანიდან გაშვებას, მაგრამ დ. ქ-ემ არ გააჩერა ავტომანქანა და მ. ნ-ს არ მისცა შესაძლებლობა, ავტომანქანიდან გადასულიყო. მან მოძრაობა გააგრძელა --ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მ. ნ., მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანა სოფელ ვ-ში, სამხრეთ-დასავლეთიდან შესასველელ გზასთან, სადაც გააჩერა მანქანა და კვლავ არ მისცა მას ავტომანქანიდან გადასვლისა და თავისუფალი გადაადგილების საშუალება.

· 2015 წლის 8 აგვისტოს თ-ის რაიონის სოფელ ვ-ის ტერიტორიაზე დ. ქ. შეეცადა, ძალადობით დაემყარებინა სქესობრივი კავშირი მ. ნ-თან. დ. ქ-ემ ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და სქესობრივი კავშირის დამყარება, ვინაიდან მ. ნ-მა მას გაუწია წინააღმდეგობა და გაექცა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და დ. ქ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განიხილა, კერძოდ, არ გარკვეულა, დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა იყო ფიზიკური, თუ ფსიქიკური და მსჯავრდებულმა გაუპატიურებაზე ნებაყოფლობით ხომ არ აიღო ხელი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაზარალებულისა და მოწმეთა არასწორ ჩვენებებზე დააფუძნა, რის გამოც საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ დადგენილა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, კასატორი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, რომლის მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №253აპ-15, №466აპ-16). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

9. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მსჯავრდებულმა დანაშაულზე ნაბყოფლობით ხელი აიღო და მ. ნ-ის გაუპატიურება არ უცდია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის დასახელებული პოზიცია.

10. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე