Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№670აპ-16 ქ. თბილისი

ქ. გ-ი, 670აპ-16 25 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. ქ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა:

· უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. გ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. გ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 23 სექტემბრიდან.

2. გ. ქ-ს ბრალად ედებოდა ძალადობითა და ძალადობის მუქარით წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის მუშაკის მიმართ, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით; მასვე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· გ. ქ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 23 სექტემბრამდე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 5.45 მმ კალიბრიან „AK-74“ მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს N-- და საბრძოლო მასალას: ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45X39 MM კალიბრიან 53 სამხედრო ვაზნას, ქარხნული წესით დამზადებულ, 7.62X54 მმ კალიბრიან 12 სამხედრო ვაზნას, ქარხნული წესით დამზადებულ, 7.62X25 მმ კალიბრიან 6 ვაზნას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა 2015 წლის 23 სექტემბერს გ. ქ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

· გ. ქ. 2015 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ს-ში, რ-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 5.45 მმ კალიბრიან „AK-74“ მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს N0288 და საბრძოლო მასალას: ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45X39 MM კალიბრიან 53 სამხედრო ვაზნას, ქარხნული წესით დამზადებულ, 7.62X54 მმ კალიბრიან 12 სამხედრო ვაზნას, ქარხნული წესით დამზადებულ, 7.62X25 მმ კალიბრიან 6 ვაზნას.

· გ. ქ-მა 2015 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ს-ში, რ-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობითა და ძალადობის მუქარით მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მისამართით ორჯერ გასროლით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მუშაკებს: გ. დ-ს და გ. ა-ეს.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობას და კანონიერი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. ქ-მა ცეცხლი გახსნა, დაუწყო მათ გინება და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ იგი სწორად და უშეცდომოდ იქნა დაკავებული; პოლიციელებმა გ. ქ-ს აღარ მისცეს შეტევის შესაძლებლობა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, სისხლის სამართლის საქმე და მიაჩნია, რომ იგი არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პროკურორის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გ. ქ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №527აპ-16, №23აპ-16). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწმეებმა ცეცხლის გახსნა და გინება დაადასტურეს და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობა გ. ქ-მა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ მათ სწორად და უშეცდომოდ დააკავეს ბრალდებული, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ გაითვალისწინა ზემომითითებულ მოწმეთა ჩვენებები.

11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს: სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასრულწლოვანი კასატორის არსებობას, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ცირეკიძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე