საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-996-1297-07 21 აპრილი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ. მ-ნძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ.ა (მოსარჩელე); სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 9 ივნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ჩ.ამ მოპასუხეების _ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და მ. მ-ნძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2006 წლის 7 ივნისის აქტში მითითებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მეუღლეს _ ბ. გარდავას მოპასუხე მ. მ-ნძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ. ლუკავამ მოახდინა მოვალის ქონების აღწერა და შეადგინა აქტი ბ. გარდავას კუთვნილი მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, ბ. გარდავას კუთვნილი ქონების აღწერის დროს დაყადაღებული ქონების ნუსხაში შევიდა პირადად მისი კუთვნილი ნივთებიც, რის გამოც ითხოვს მათზე ყადაღის მოხსნას (ტომი 1, ს.ფ. 3).
რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა საბოლოოდ მოითხოვა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2006 წლის 7 ივნისის აქტში მითითებული ქონების, კერძოდ: ა. საძინებელი გარნიტურის (კომპლექტის) _ კარადა, ტრილიაჟი, 2 ცალი ტუმბო, 2 ცალი საწოლი; ბ. მისაღები ოთახის გარნიტურის (კომპლექტის) _ სკამები, გასაშლელი დივანი, 2 ცალი სავარძელი, პატარა მაგიდა, პატარა კარადა, ფერადი ტელევიზორი, მაცივარი, ელექტროღუმელი, გაზქურა; გ. სამზარეულოს გარნიტურის (კომპლექტის) ყადაღისაგან გათავისუფლება (ტომი 1, ს.ფ. 67-71).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ჩ.ას სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე ბ. გარდავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა მ. მ-ნძის სასარგებლოდ, რის შედეგადაც, 2006 წლის 7 ივნისს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ. ლუკავამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ¹2ა-257 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ბ. გარდავას ოჯახზე აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოახდინა მოვალის ქონების აღწერა და დაყადაღება.
ყადაღადადებულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ლ. ჩ.ას კუთვნილი ნივთები, კერძოდ: საძინებელი გარნიტური (კომპლექტი) _ კარადა, ტრილიაჟი, 2 ცალი ტუმბო, 2 ცალი საწოლი; ბ. მისაღები ოთახის გარნიტური (კომპლექტი) _ სკამები, გასაშლელი დივანი, 2 ცალი სავარძელი, პატარა მაგიდა, პატარა კარადა, ფერადი ტელევიზორი, მაცივარი, ელექტროღუმელი, გაზქურა; გ. სამზარეულოს გარნიტური (კომპლექტი). აღნიშნული ნივთები ლ. ჩ.ას მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში არ შეუძენია და ისინი წარმოადგენს მშობლებისაგან გადაცემულ მზითევს. მისი მეუღლე, რომელიც მუშაობს სს “მანქანათმშენებელის” დირექტორად, თავისი ხელფასიდან ყოველთვიურად უხდის მ. მ-ნძეს დაკისრებული თანხის ასანაზღაურებლად სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 32.50 ლარს.
რაიონული სასამართლოს მითითებით, როგორც სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, თუ ყადაღადადებულ ნივთებს შორის აღმოჩნდა მოსარჩელის პირადი მოხმარების ნივთებიც, ის არ იქნებოდა წინააღმდეგი სასამართლოს ეს ნივთები ამოერიცხა ყადაღადადებული ნივთების სიიდან (ტომი 1, ს.ფ. 72-73).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ნძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 82-89).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით მ. მ-ნძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ლ. ჩ.ას მიერ სარჩელი წარდგენილი იყო არასათანადო მოპასუხის _ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. ეს უკანასკნელი მოცემულ საქმეში, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან გამომდინარე, არც მოვალესა და არც კრედიტორს არ წარმოადგენს.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი სასამართლოს არ ავალდებულებს შესთავაზოს მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა კანონი ზუსტად განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს აღძრულ სარჩელზე მოპასუხე, სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია რაიონულ სასამართლოს შეეთავაზებინა მხარისათვის საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმა და აღნიშნულის განხორციელების შემდეგ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს სააპელაციო წარმოებისას საპროცესო მოქმედებათა დასაშვებობის საზღვრებს. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არასათანადო მხარის შეცვლა სათანადოთი მიზანშეწონილი არ არის. რამდენადაც კანონი ზუსტად განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს მოპასუხე მსგავსი კატეგორიის დავებზე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა რაიონულ სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. რაიონულმა სასამართლომ კანონით დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოახდინოს სათანადო მოპასუხის (მოვალის) მხარედ ჩაბმის შეთავაზება მოსარჩელისათვის და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 150-154).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ნძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა იმავდროულად არასწორად მიიჩნევს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქმის ხელახლა განსახილველად რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში. საქმის უკან დაბრუნების მიზანშეწონილობა სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ ლ. ჩ.ას მიერ სარჩელი წარდგენილია არასათანადო მოპასუხის _ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლიდან გამომდინარე კი სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მართალია, სააღსრულებო ბიურო არც კრედიტორსა და არც მოვალეს არ წარმოადგენს, მაგრამ საქმეში მისი, როგორც კრედიტორის მონაწილეობა, სრულიად ასაბუთებდა სარჩელის უსაფუძვლობას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორისათვის გაუგებარია, თუკი კანონი სასამართლოს არ ავალდებულებს შესთავაზოს მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა, მაშინ რატომ არის “უპრიანი”, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შესთავაზოს მხარეს საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმა, რატომ არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოს თავად განეხორციელებინა ასეთი შეთავაზება, კანონის რომელ ნორმას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო აღნიშნული დასკვნის გამოტანისას.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ, კერძოდ, მ. მ-ნძე საქმეში მონაწილეობდა წარმომადგენლის გარეშე, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულყოფილად გაეგო საქმის არსი. სააპელაციო სასამართლომ მისი შუამდგომლობა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის თაობაზე სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, კასატორმა სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყება მას 2007 წლის 10 ივლისის სხდომამდე ერთი დღით ადრე ჩაბარდა, თანაც მასში მითითებული არ იყო დავის საგანი, მხარეები. შესაბამისად, იგი პროცესზე მოუმზადებელი აღმოჩნდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მისი ეს შუამდგომლობა ასევე არ დააკმაყოფილა (ტომი 2, ს.ფ. 202-203).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ნძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის დავის საგანია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ამ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს მესამე პირს, რომლის საკუთრებაში არსებული ქონება, მისივე მითითებით, მიქცეულია კრედიტორ მ. მ-ნძის სასარგებლოდ მოვალე ბ. გარდავას მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. მოსარჩელეს მოპასუხეებად საქმეზე დასახელებული ჰყავს კრედიტორი მ. მ-ნძე და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 52-ე მუხლზე მითითებას, რომლის თანახმად, მესამე პირის სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს და რომლის საფუძველზეც საქმეზე თანამოპასუხეს წარმოადგენს მოვალე ბ. გარდავა, რომელიც მოსარჩელეს მოპასუხედ არ დაუსახელებია. ამ შემთხვევაში კანონის აღნიშნული ნორმა მიუთითებს მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილეობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, არსებითად, ამ შემთხვევაში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. მართალია, ამ შემთხვევაში ქონების აღწერის აქტი, საიდანაც მოსარჩელე კუთვნილი ქონების ამორიცხვას ითხოვს, შედგენილია სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება უნდა მოახდინოს სწორედ აღნიშნულმა სააღსრულებო ბიურომ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეალურად, დავა არსებობს ქონების კუთვნილებაზე და ამ ქონებიდან აღსრულებაზე მესამე პირს, მოვალესა და კრედიტორს შორის. სააღსრულებო ბიურო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს სუბიექტს, რომელმაც უნდა მოახდინოს აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სათანადო ფორმალობის შესრულება, მასთან მოსარჩელეს დავა ქონების კუთვნილებაზე არ აქვს.
სააპელაციო სასამართლოს ამ შემთხვევაში შეეძლო, ასევე მიეთითებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლზე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოვალესა და კრედიტორთან მიმართებაში სავალდებულო თანამონაწილეობას, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, სავალდებულო თანამოპასუხე საქმეში ჩააბას თავისი ინიციატივით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია თანამოპასუხის საქმეში ჩაბმა და მისი მონაწილეობით საქმის განხილვა განხორციელდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის გარემოებების ყველა მხარის მონაწილეობით დადგენა და გამოკვლევა პირველივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითი გადაწყვეტილების დადგენისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ნძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.