Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№679აპ-16 ქ. თბილისი

ს-ე ს., 679აპ-16 10 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ს. ს-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. გაუქმდა ს. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· 2016 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 15 საათზე, ქ-ში, ე-ის ქ. - შესახვევის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს. ს-ემ რძალს (ძმისცოლს) – ფ. ა-ეს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, კერძოდ, ხელები მოჰკიდა მხრებში და შეანჯღრია, ფეხი დაარტყა ქვედა კიდურებში, მოქაჩა თმა, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, ორივე ხელი ჰკრა მკერდში, რის შედეგადაც ფ. ა-ე წაქცევისას დაეჯახა სამზარეულოს კარს და მინის ნამსხვრევით გაიჭრა მარჯვენა ხელი. ხელის გაჭრით ფ. ა-ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ს. ს-ე ითხოვს მისთვის შეფარდებული ჯარიმის შემცირებას 500 ლარამდე იმ მოტივით, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; კმაყოფაზე ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; არ არის ნასამართლევი; ხასიათდება დადებითად და დასაქმებულია.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. მჯავრდებული ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ს. ს-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარე ხდის სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის – ჯარიმის ოდენობის შემცირებას, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში ჩამოთვლილი შემამსუბუქებელი გარემოებები ს. ს-ისათვის სასჯელის შეფარდების დროს უკვე გაითვალისწინა ორივე ინსტანციის სასამართლომ და მას განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #197აპ-15, #63აპ.-13).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე