საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№668აპ-16 ქ. თბილისი
უ-ი მ, 668აპ-16 6 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განაჩენით მ. უ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. გაუქმდა მ. უ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
· 2014 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათზე, მ-ში, სამხედრო დასახლება №1-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ამავე კორპუსში არსებულ სარდაფთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს მ. უ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ. გ-ს, კერძოდ, მუცლის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა ზურგში, რითაც ხ. გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. უ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. უ-მა სცემა დაზარალებულს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. უ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულ ხ. გ-ის ჩვენება სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, ფაქტის შემსწრე მეზობლებმა – ს. მ-ამ და ლ. ჭ-ამ არ დაადასტურეს. აღნიშნული არ დადასტურდა ასევე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნებული მოწმეების – ძ. მ-ის, ე. კ-ისა და ჟ. ქ-ას ჩვენებებით. ყველა მათგანმა უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2014 წლის 29 დეკემბრის №... დასკვნის თანახმად, „ხ. გ-ს 21.12.2014წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. ეს დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ. ლ-ემ. გარდა ამისა, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ე. მ-ას ჩვენება, რომელიც, მართალია, ადასტურებს მ. უ-ის მიერ ხ. გ-ის ცემის ფაქტს, მაგრამ განსხვავდება დაზარალებულის ჩვენებისაგან და ეწინააღმდეგება დანარჩენი მოწმეების ჩვენებებს (მაგალითისათვის იხ. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა №397აპ–14).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე