Facebook Twitter

ას-999-1198-08 13 თებერვალი, 2009წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ტ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. რ-ნა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 21 აგვისტოს ნ. ტ-იანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. რ-ნას მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის _ გ. ბ-ოვსკისა და მოპასუხე ი. რ-ნას შორის 2004 წლის 3 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების გამოთხოვა მისი, როგორც მემკვიდრის სასარგებლოდ.

მოსარჩელის განმარტებით, ი. რ-ნამ გ. ბ-ოვსკის მიმართ გამოიჩინა უმადურობა, მძიმე შეურაცხმყოფელი მოქმედება, კერძოდ, ჩუქების შემდეგ, ავადმყოფ მამას ადგილი მიუჩინა გაჩუქებული ბინის სამზარეულოში, მიატოვა იგი, არ კითხულობდა მის მდგომარეობას და დატოვა უსასხსროდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ტ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ბ-ოვსკიმ 2004 წლის 3 ნოემბერს თავის საკუთრებაში არსებული ბინა აჩუქა შვილს _ ი. რ-ნას. გ. ბ-ოვსკი გარდაიცვალა 2007 წლის 28 ივნისს. გ. ბ-ოვსკიმ 2007 წლის 9 ივნისს შეადგინა ანდერძი, რომელიც ნოტარიულად დამოწმდა და რომლის საფუძველზეც კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა დას _ ნ. ტ-იანს. მანვე 2007 წლის 24 ივნისს შეადგინა შინაურული ანდერძი, რომლის საფუძველზეც გ. ბ-ოვსკიმ დაავალდებულა და _ ნ. ტ-იანი შეეტანა სარჩელი სასამართლოში ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის მოთხვნით. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა, შესაბამისად, მიუთითა, რომ 2007 წლის 9 ივნისს შედგენილ ანდერძს უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნდა შინაურულ ანდერძთან მიმართებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ შინაურული ანდერძი განიხილებოდა ისე, როგორც ანდერძი, რომელიც სანოტარო ფორმით დადებულ ანდერძს ავსებდა, მაინც კანონსაწინააღმდეგო გარიგებად ჩაითვლებოდა, ვინაიდან მხოლოდ მჩუქებელს გააჩნია უფლება იდავოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე, უმადურობისა და შეურაცხყოფის საფუძვლით. ნ. ტ-იანის მიერ მითითებული გარემოებები კი იმასთან დაკავშირებით, რომ ი. რ-ნა მამას შეურაცხყოფდა საქმის მასალებით არ დადასტურდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. რ-ნა უმუშევარია, იღებს შემწეობას, მის მეუღლეს დანიშნული აქვს პენსია, მეუღლეები უსახსროდ არიან დარჩენილები და მათ რაიმე უძრავი ქონება ან სხვა ფასეულობა არ გააჩნიათ.

სასამართლომ ი. რ-ნას მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ გაიზიარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ტ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ საქმეზე მიღებული საბოლოო დასკვნა და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად მიიჩნია, რომ ი. რ-ნას მხრიდან მჩუქებლის მიმართ შეურაცხმყოფელი მოქმედებების განხორციელებისა და უმადურობის ფაქტები არ დადგინდა და ნ. ტ-იანს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, დაარღვია საპროცესო ნორმები და ამ დარღვევის შედეგად საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ნ. ტ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.