Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№637აპ-16 ქ. თბილისი

ზ. რ-ო, 637აპ-16 18 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით რ. ზ., –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და რ. ზ. დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2. რ. ზ-ას ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ძარცვისათვის, ხოლო 2013 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქურდობისათვის ნასამართლევი რ. ზ. 2016 წლის 7 აპრილს ზ-ში, რ-ის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ. ბ-ას კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც მას 50 ლარის ზიანი მიაყენა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და რ. ზ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია რ. ზ-ას გამტყუნებისათვის. კასატორის პოზიციით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოტივაცია. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ჩხრეკისა და დაკავების ოქმები იმ მიზეზით, რომ მათი დაწყების დრო სხვა საგამოძიებო მოქმედების (მოწმის გამოკითხვის) მიმდინარეობას ემთხვეოდა. ბრალდების მხარე შეეცადა, სასამართლო დაეწრმუნებინა, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმის შედგენის დროს დაუშვეს მექანიკური შეცდომა. მართალია, სასამართლომ მოცემული გარემოება ასახა განაჩენში, მაგრამ საბოლოოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეს საკითხი ღიად დატოვა. დაუშვებელია, რ. ჭ-ს გამოკითხვის ოქმში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო ორი სხვადასხვა, გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით დამოწმებული ოქმები საეჭვო გახდეს და მის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებები არ იქნეს გათვალისწინებული, მით უმეტეს, რომ დასახელებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად ცნობილი არ ყოფილა. კასატორის პოზიციით, სასამართლო ბრალდებულის ტყუილზე დაფუძნებულ ჩვენებას იზიარებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ამოცნობა უნდა ჩატარებულიყო არა დათვალიერების დროს, არამედ - საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად.

6. კასატორის პოზიციით, დაზარალებულმა გ. ბ-მ სასამართლოში მიცემული ჩვენებისას ნათლად განმარტა, რომ კუთვნილი მობილური ტელეფონის იმეი კოდი ფურცელზე დედამისმა მაშინ დაწერა, როდესაც იგი მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს, შემდეგ კი მტკიცებულებად წარადგინა. სასამართლომ მოცემული ნივთმტკიცება საეჭვოდ გახადა, იმ მოტივით, რომ მისი ავთენტურობა არავის დაუდასტურებია, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე სწორედ ის პირი დაიკითხა, რომელთანაც დასახელებული მტკიცებულება ინახებოდა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა, კერძოდ, მსჯავრდებულ რ. ზ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №67აპ-16, №510აპ-14, №351აპ-12). აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენი უცვლელად დატოვა.

11. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კერძოდ, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ჭრილში განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტით ხელმძღვანელობს, რომელიც მტკიცებულებათა საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ხასიათს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას გულისხმობს.[1]

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Jalloh v. Germany, N54810/00, 11/07/2006, §67