Facebook Twitter

ას-1001-1276-09 28 დეკემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ი-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ი-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. კ-ძის, ე. და ნ. მ-შვილების მიმართ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სავაჭრო ჯიხურის აღების დავალდებულებისა და უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.ჭიათურაში, ... ქ.¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ზ.ი-შვილი. მოპასუხეებმა უკანონოდ დადგეს მის კუთვნილ მიწაზე სავაჭრო ჯიხური და ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, რითაც ხელს უშლიან საკუთრებით სარგებლობაში. მოსარჩელის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხეებს ჯიხური არ აუღიათ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო ჯიხური მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთზე არ მდებარეობს, ამასთან, ზ.ი-შვილმა მითითებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება უკანონოდ მოიპოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ზ.ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხ. კ-ძეს, ნ. და ე. მ-შვილებს დაევალათ ქ.ჭიათურაში, ... ქ¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სავაჭრო ჯიხურებისაგან გათავისუფლება, ასევე აეკრძალათ აღნიშნული ნაკვეთით სარგებლობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. კ-ძემ და ნ. მ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ხ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა. ხ.კ-ძის განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით მას ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა და დაევალა 10 დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნული განჩინება აპელანტის მეზობელს ჩაბარდა 2009 წლის 9 აგვისტოს. პალატამ მიუთითა, რომ ხ. კ-ძის განმარტებით, მას სასამართლო გზავნილი გადაეცა ამავე წლის 22 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ხ. კ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების აპელანტისათვის გაგზავნისას ხ.კ-ძე ჭიათურაში არ იმყოფებოდა, რის გამოც გზავნილი ჩაბარდა მის მეზობელს და ადრესატს რეალურად გადაეცა 2009 წლის 22 აგვისტოს. ხ.კ-ძე დაუკავშირდა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა გზავნილის მოგვიანებით ჩაბარების თაობაზე, რაზეც თანაშემწემ განუმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ მიემართა სასამართლოსათვის წერილობით. კერძო საჩივრის ავტორმა წერილობით მიმართა სააპელაციო პალატას და ელოდა, დართავდა თუ არა ნებას სასამართლო, დადგენილი ხარვეზი დაგვიანებით გამოესწორებინა, თუმცა სააპელაციო პალატამ განუხილველად დაუტოვა სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით ხ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, ხ.კ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, მხარეს ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა.

შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ 2009 წლის 9 აგვისტოს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მეზობელ ს.კიკნაძეს.

2009 წლის 31 აგვისტოს ხ.კ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მეზობელმა სასამართლო გზავნილი 2009 წლის 22 აგვისტოს გადასცა და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის მითითებული მომენტიდან ათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხ.კ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად. ამასთან, მხარე უფლებამოსილია, დადგენილი ხარვეზის სწორად აღმოფხვრის ხელშესაწყობად, თუ სხვადასხვა საპროცესო საკითხებზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. სააპელაციო პალატა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს მხარის მითითებულ შუამდგომლობებზე.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინება ამავე წლის 9 აგვისტოს ჩაბარდა ხ.კ-ძის მეზობელს და, თავად მხარის განმარტებით, აპელანტს პირადად გადაეცა 22 აგვისტოს. ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის ათვლის საკითხის გასარკვევად 2009 წლის 31 აგვისტოს ხ.კ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოცემული ვადის 2009 წლის 22 აგვისტოდან გამოანგარიშების შესახებ.

დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს ხ.კ-ძის ზემოთ მითითებულ შუამდგომლობაზე სადავო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე არ უმსჯელია, შესაბამისად, მხარისათვის უცნობი იყო, დართო თუ არა პალატამ ნება, ხარვეზი 2009 წლის 22 აგვისტოდან 10 დღის განმავლობაში გამოესწორებინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესაძლებლობა შეეზღუდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულით სააპელაციო პალატამ აპელანტ ხ.კ-ძისათვის კანონით მინიჭებული უფლებები უგულებელყო, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხ.კ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.