საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-1003-1304-07 13 თებერვალი, 2008 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ო-რია
მოწინააღმდეგე მხარე – თ. და მ. ბ-რიები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ო-რიამ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ თ. და მ. ბ-რიების წინააღმდეგ და მოითხოვა მათთვის მის მიერ გადახდილი ბინის საფასურის 60 000 აშშ დოლარისა და ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 2,5%-ის დაკისრება გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დ. ო-რიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს თ. და მ. ბ-რიებს დ. ო-რიას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 37 200 აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტით გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თ. და მ. ბ-რიებმა, სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სარჩელით მოითხოვეს 1997 წლის ოქტომბრიდან ერთი წლის განმავლობაში სადავო სახლის სასტუმროდ გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის _ 69000 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, სახლის არასწორი ექსპლუატაციის გამო, მიყენებული ზარალის _ 1000 აშშ დოლარის, ბინის უსაფუძვლო დაყადაღებისათვის _ 40 000 აშშ დოლარის, მკურნალობის ხარჯებისათვის _ 2000 აშშ დოლარისა და ბანკის კრედიტით სარგებლობის გამო მიყენებული ზიანისათვის 18400 აშშ დოლარის, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დ. ო-რიასათვის 50 000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ო-რიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. და მ. ბ-რიებს დ. ო-რიას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 53 866 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. დანარჩენ ნაწილში დ. ო-რიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა თ. და მ. ბ-რიების შეგებებული სარჩელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. ბ-რიებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით თ. და მ. ბ-რიების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. და მ. ბ-ების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2007 წლის 5 სექტემბერს დ. ო-რიამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბაღათურიებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ 53 866 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დ. ო-რიას განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ო-რიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. ო-რიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვენდელ სარჩელთან ერთად განსახილევლად.
ამავე კოდექსის 189-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
აღნიშნული ნორმების თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს, აღძრას შეგებებული სარჩელი კანონით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც ემთხვევა საქმის მომზადების დამთავრების ვადას.
შეგებებული სარჩელის აღძვრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მათი ერთად განხილვა და ერთობლივად გადაწყვეტა, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყველაფერი გარკვეულია ერთის მიმართ, მაგრამ არაა გარკვეული მეორის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს არა ერთობლივი, არამედ გადაწყვეტილება ერთ-ერთის მიმართ, რომელიც მზადაა გადაწყვეტილების გამოსატანად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. და თ. ბ-ებმა კანონით დადგენილ ვადაში აღძრეს შეგებებული სარჩელი მოსარჩელე დ. ო-რიას მიმართ.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ო-რიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. და მ. ბ-რიებს დ. ო-რიას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 53 866 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო თ. და მ. ბ-რიების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ო-რიას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
თ. და მ. ბ-რიების შეგებებული სარჩელი ამჟამად იხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც ისინი ითხოვენ დ. ო-რიასთვის მათ სასარგებლოდ 41 400 აშშ დოალრის დაკისრებას და ვალდებულების გაქვითვის დადგენას. შესაბამისად, ვინაიდან შეგებებული სარჩელი მიმართულია ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეგებებულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სწორად უთხრა უარი დ. ო-რიას სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ო-რიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.