Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-1005-1204-08 22 დეკემბერი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. გ-აძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და გ. ლ-იძეები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და გ. ლ-იძეების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურების მოპასუხეებზე დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 3 ოქტომბერს მ. და გ. ლ-იძეებმა დააზიანეს ი.გვინდაძის კუთვნილი ქონება _ მაგიდები, კარადა, მინები, მაცივარი, გადაჭრეს გაზის მილი და დაამტვრიეს ყვავილის ქოთნები. ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს III განყოფილებაში დაწყებული წინასწარი გამოძიების მასალებით დადასტურებულ იქნა, რომ მოპასუხეთა მიერ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 1000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მოპასუხეთა მიმართ წინასწარი გამოძიება შეწყდა, თუმცა მ. და გ. ლ-იძეები არ გათავისუფლებულან მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებისაგან.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ 75,7 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 4 ოქტომბერს დაწყებული წინასწარი გამოძიებისას ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილ იქნა მატერიალური ზარალის ფაქტი, რომლის ოდენობამ შეადგინა 75,7 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ი.გვინდაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 79 ლარისა და 70 თეთრის ანაზღაურება. მოსარჩელეს ასევე დაუბრუნდა მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 50 ლარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.გვინდაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგი საფუძვლებით: პალატამ დადგენილად ცნო, რომ აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება _ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებზე 1000 ლარის დაკისრება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებულ განჩინებაზე ი.გვინდაძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რადგანაც დავის საგანი აღემატება 1000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა როგორც დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის _ 1000 ლარის მოწინააღმდეგე მხარეზე დაკისრება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრება, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა აღემატებოდა 1000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-აძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. დავის საგნის ფასის განსაზღვრა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომით მოითხოვს მხარე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დავის საგნის ფასის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, რადგანაც დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებზე 1000 ლარის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გრიგოლ და მაგრი ლორთქიფანიძეებს დაევალათ მოსარჩელის სასარგებლოდ 79 ლარისა და 70 თეთრის ანაზღაურება. ი.გვინდაძეს ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნახევარი _ 50 ლარი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს არა თავდაპირველი მოთხოვნის ოდენობისა და სახელმწიფო ბაჟის სრული თანხის შეკრებით, არამედ იმ ნაწილით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულებას წარმოადგენს 970,3 ლარი (1000-79,7+50=970,3), რის გამოც სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც მიიჩნევს, რომ ი.გვინდაძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. გ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.