Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№57აპ-17 ქ. თბილისი

ა-ი მ., 57აპ-17 22 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სანდოძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ა-ს ბრალი დაედო პოლიციელზე თავდასხმაში, რაც გამოიხატა შემდეგში: თვითნებობისათვის ნასამართლევი მ. ა-ი პირობითი მსჯავრის პერიოდში - 2015 წლის 24 ივლისს, ნასვამი, ..... ცენტრალურ პარკში შარდავდა. ამ დროს მასთან მივიდა შსს ..... სამსახურის უფროსის მოადგილე ა. ს-ე, წარუდგინა პოლიციის მუშაკის სამსახურებრივი მოწმობა და მოუწოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე თავის შეკავებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ. ა-მ ა. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა მარცხენა მხარში და კვლავ ცდილობდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რის გამოც ა. ს-ე იძულებული გახდა, დახმარებისათვის გამოეძახა პოლიციის თანამშრომლები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მ. ა-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 3531–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ა. ტ-ს, ლ.ტ-ს და ა. ტ-ს თანასაკუთრებაში არსებულ - 11.500 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარეს ….. რაიონის სოფელ ….., საკადასტრო კოდი - ….., დაზუსტებული ფართობი - 4349.36 კვ.მ (მესაკუთრე - ა. ტ-ს ოჯახი) - 10.000 ლარის ფარგლებში.

3. აპელანტის მოთხოვნა:

მითითებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სანდოძემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531–ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დაზარალებული ა. ს-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და მუშაობს სსიპ საქართველოს შსს ….. სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა, ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ შემთხვევის დღეს ა. ს-ე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ამდენად, დაზარალებულის მიერ მ. ა-თვის პოლიციელის მოწმობის წარდგენა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ მოწოდება, ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ განაჩენში დეტალურად იმსჯელა მოწმეთა ჩვენებებზე და მიუთითა, რომ როგორც ბრალდების, ისე ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მ. ა-ს დაზარალებულ - ა. ს-ზე თავდასხმის ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სანდოძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

ბრალდების მხარე არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან და უთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-16 მუხლზე, რომლებშიც განმარტებულია თუ ვინ ითვლება პოლიციელად და რა ფუნქციები აკისრია მას, რომელსაც სრულად შეესაბამება დაზარალებული პოლიციელის - ა. ს-ს სამსახურებრივი საქმიანობა და მისი თანამდებობა. იგი ასევე არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ ბრალდების შესახებ დადგენილებაში საერთოდ არ მიუთითა დანაშაულის მოტივზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს და აღნიშნავს, რომ მ. ა-ს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვა წარმოეშვა სწორედ იმ მომენტში, როდესაც მან წარუდგინა პოლიციელის მოწმობა და განუმარტა, რომ იყო პოლიციელი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას როგორც ბრალდების მხარის მოწმეთა, ისე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოწმეების წინააღმდეგობრივ ჩვენებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მ. ა-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

11. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად.

12. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას მ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #23აპ-16).

13. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

14. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სანდოძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი