Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-1008-265-08 2 აპრილი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ხ-ავას წარმომადგენელი გ. კ-ნია

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-აძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 19 ოქტომბერს მ. ჯ-აძემ სარჩელით მიმართა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონულს სასამართლოს მოპასუხე ჯ. ხ-ავას მიმართ, მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება და მცირეწლოვანი შვილების სარჩოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით.

გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-აძის სარჩელი მოპასუხე ჯ. ხ-ავას მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ჯ-აძესა და ჯ. ხ-ავას შორის შეწყდა 1998 წლის 25 თებერვალს ქ. ქუთაისში, ტყვარჩელის სარ განყოფილებაში ¹29 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, მოპასუხე ჯ. ხ-ავას დაეკისრა მ. ჯ-აძის სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილების _ თამარ ჯონის ასული ხაინდრავასა და გრიგოლ ჯონის ძე ხაინდრავას სარჩოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე. მოპასუხეს ალიმენტის გადახდის დაწყება დაევალა 2007 წლის 19 ოქტომბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-ავას წარმომადგენელმა _ გ. კ-ნიამ, მოითხოვა მისი შეცვლა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით _ გოჩა ხაინდრავასთვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 30-30 ლარის ოდენობით შვილების სრულწლოვანებამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ჯ. ხ-ავას წარმომადგენელ გ. კ-ნიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი ითხოვს ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 40 ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 480 (40X12) ლარს, რაც არ აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნებს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ხ-ავას წარმომადგენელმა – გ. კ-ნიამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ჯ. ხ-ავას მიერ გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილება მისთვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც დავის საგინის ღირებულება არის 1200 (100X12) ლარი და სასამართლოს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმღვანელოს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და კანონით. დავის საგნის განსაზღვრის წესი ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40-41-ე მუხლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება _ ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ავას დაეკისრა მ. ჯ-აძის სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილების _ თამარ ჯონის ასული ხააინდარავასა და გრიგოლ ჯონის ძე ხაინდრავას სარჩოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე.

ასევე დადგენილია, რომ ჯ. ხ-ავას წარმომადგენელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ მისთვის ყოველთვიურად 30-30 ლარის დაკისრება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ჯ. ხ-ავას მიერ გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილება მისთვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც დავის საგინის ღირებულება არის 1200 (100X12) ლარი და, შესაბამისად, სსკ-ს 365-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით მან მოითხოვა ალიმენტის შემცირება 20-20 ლარის ოდენობით _ სულ 40 ლარით, შესაბამისად სააპელაციო საგნის ღირებულება განისაზღვრება 480 (40X12) ლარით, რაც არ აღემატება 1000 ლარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ხ-ავას წარმომადგენელ გ. კ-ნიას სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ხ-ავას წარმომადგენელ გ. კ-ნიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.