ას-1009-1206-08 12 იანვარი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. პ-ვსკი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ე. ჩ-ანი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა (სარჩელში); ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 19 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. პ-ვსკიმ (წარმომადგენელი ს. შ-ბაი) მოპასუხე ე. ჩ-ანის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 1126-ე მუხლზე მიუთითა (ს.ფ. 2-11).
2008 წლის 31 მარტს იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა ე. ჩ-ანმა მოპასუხე ვ. პ-ვსკის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის _ ვ. პ-ვსკის სასარგებლოდ 2007 წლის 1 თებერვლიდან ალიმენტის დაკისრება ხელფასის ნახევრის ოდენობით (ს.ფ. 25-34).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. პ-ვსკის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ჩ-ანსა და ვ. პ-ვსკის შორის შეწყდა 2000 წლის 5 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფოთის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით ¹12; ე. ჩ-ანის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. პ-ვსკის 2008 წლის 31 მარტიდან _ შეგებებული სარჩელის შეტანის დღიდან _ მისი არასრულწლოვანი შვილის _ ვ. პ-ვსკის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, მასვე ნება დაერთო, იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობისათვის განისაზღვრა კვირაში ორი დღე: შაბათი და კვირა დღის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე (ს.ფ. 54-56).
დასახელებული გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. პ-ვსკიმ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის სახით მისთვის 200 ლარის დაკისრება (ს.ფ. 62-70).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ვ. პ-ვსკის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 76-78).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ვ. პ-ვსკის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინების ასლი გაეგზავნა როგორც ვ. პ-ვსკის, ისე მის წარმომადგენელ ს. შ-ბაის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სასამართლო განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა ს. შ-ბაის ოჯახის წევრს, 2008 წლის 25 სექტემბერს. ს. შ-ბაიმ დაადასტურა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება და ისიც, რომ ხარვეზის შევსებისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის 2008 წლის 30 სექტემბერს ამოწურვის შესახებ იგი ინფორმირებული იყო.
იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თავად ვ. პ-ვსკის სასამართლო გზავნილი მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, თუ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. მითითებული 73-ე მუხლის 11 ნაწილი ითვალისწინებს, რომ თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელ ს. შ-ბაიას ოჯახის წევრისათვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება წარმოადგენდა როგორც თავად ს. შ-ბაიასათვის, ისე აპელანტისათვის ჩაბარებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2008 წლის 30 სექტემბერს, რა დროის განმავლობაშიც მას ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. პ-ვსკის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 92-98).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. პ-ვსკიმ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად ვადის ხელახლა დადგენა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა ვ. პ-ვსკის ყოფილ წარმომადგენელს და არა უშუალოდ მას, როგორც სააპელაციო საჩივრის შემტან პირს, გასაჩივრებული განჩინების უკანონობას ასაბუთებდა, რის გამოც იგი გაუქმებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 103).
D
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. პ-ვსკის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ ვ. პ-ვსკის გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ დასახელებულ მისამართზე _ ფოთი, ლენინგრადის ქ. ¹14/44, თუმცა აღნიშნულ მისამართზე აპელანტის მოძიება ვერ მოხერხდა (ს.ფ. 79). ვ. პ-ვსკის ამავე მიზეზით არ ჩაჰბარდა ხარვეზის შესახებ განჩინების ხელმეორედ გაგზავნილი ასლი (ს.ფ. 89). დადგენილია, რომ ვ. პ-ვსკის სხვა მისამართი საქმის მასალებში მითითებული არ ჰქონია. ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი ასევე გაეგზავნა ვ. პ-ვსკის წარმომადგენელ ს. შ-ბაიას, რომლის ოჯახის წევრსაც 2008 წლის 25 სექტემბერს ჩაჰბარდა აღნიშნული განჩინება (ს.ფ. 90-91).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც აღნიშნული კოდექსის 416-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრით გასაჩივრებადი განჩინების მხარისთვის გადაცემის მიმართ, სასამართლო უწყება ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. 73-ე მუხლის 11 ნაწილი ითვალისწინებს, რომ თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ვ. პ-ვსკის საქმეში არსებულ მისამართზე ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინების ასლი ორჯერ გაეგზავნა, თუმცა აღნიშნული გზავნილის მისთვის ჩაბარება ამ მისამართზე მაინც ვერ მოხერხდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. კანონის აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელ ს. შ-ბაიას ოჯახის წევრისათვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება უნდა ჩაითვალოს ს. შ-ბაიას მიერ ჩაბარებად, აღნიშნული კი, თავის მხრივ მიიჩნევა აპელანტისათვის ჩაბარებად.
ის გარემოება, რომ ვ. პ-ვსკი კერძო საჩივარში ს. შ-ბაიასათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიუთითებს, არ ასაბუთებს წარმომადგენლისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების არასწორად გაგზავნას, რამდენადაც აღნიშნული დროისათვის საქმეში არსებული რწმუნებულება, რომლითაც მოსარჩელე ვ. პ-ვსკის თავის წარმომადგენელ ს. შ-ბაიასათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, ვადაში იყო და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 5-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2008 წლის 25 სექტემბერს და დასრულდა 2008 წლის 30 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 368.5 მუხლები ასევე ითვალისწინებს, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი აღარ მიიღება. ვინაიდან ვ. პ-ვსკიმ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, მითითებული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ვ. პ-ვსკის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. პ-ვსკის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.