საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-1011-268-06 19 მარტი , 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ლ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – ფონდი „კ.“
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 ოქტომბერს ფონდ „კ-სა“ და მსესხებელთა ჯგუფს შორის, რომლის წევრები იყვნენ მოპასუხე ნ. ლ-იანი და აწ გარდაცვლილი ამირან გორდელაძე, დაიდო ჯგუფური სესხის ხელშეკრულება ¹5-09-0095. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ჯგუფის წევრებმა, როგორც სოლიდარულმა მოვალეებმა, ფონდის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა სესხის დროულად დაფარვის მიზნით. სესხი გაიცა 2006 წლის 27 ოქტომბერს 12 თვის ვადით, 7000 ლარის ოდენობით, ყოველთვიური ორი პროცენტის განაკვეთით. აღნიშნული სასესხო თანხა ჯგუფის წევრებზე გადანაწილდა შემდეგნაირად, ნ. ლ-იანის სახელზე 5000 ლარი, ხოლო ა. გ-აძის სახელზე კი - 2000 ლარი.
2006 წლის 24 ნოემბერს ჯგუფს უნდა შემოეტანა 723.33 ლარი. აქედან გადახდილ იქნა თანხის ნაწილი - 516.70 ლარი. ეს გახლდათ ნ. ლ-იანის მიერ შემოსატანი თანხა. დარჩენილი 206.63 ლარი კი უნდა გადაეხადა ა. გ-აძეს. სესხის დაგვიანების მიზეზის გარკვევისას, ფონდისათვის ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ჯგუფის წევრი ა. გ-აძე. ჯგუფის დარჩენილმა წევრმა ნ. ლ-იანმა შეფერხებით განაგრძო სესხის დაფარვა.
მსესხებელთა აღნიშნული ჯგუფის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო ფონდმა „კ-მ“ შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და 2007 წლის 31 მაისს სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს. სასარჩელო განცხადებაში „კ-მ“ მოითხოვა ნ. ლ-იანსა და გარდაცვლილი ა. გ-აძის პირველი რიგის მემკვიდრეებს - ც. და ს. გ-ებს სოლიდარულად დაკისრებოდათ 6453.71 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 202.61 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ფონდი „კ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გარდაცვლილი ა. გ-აძე მიიჩნია ვალაუვალ მოვალედ და ნ. ლ-იანს ფონდ „კ-ს“ სასარგებლოდ დააკისრა 6453.71 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 101.30 ლარის გადახდა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ლ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარში მან განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას უკანონოდ დააკისრა სესხის მთელი თანხის გადახდა და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ს. და ც. გ-ებისათვის გადასახდელად 2000 ლარისა და შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ნ. ლ-იანის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ნ. ლ-იანის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა მხოლოდ 2007 წლის 14 დეკემბერს, რის შემდეგაც ნ. ლ-იანმა მასზე შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივარში ნ. ლ-იანმა განმარტა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მხოლოდ 2007 წლის 22 აგვისტოს მისი მეზობლის თ. ჩ-იძის მეშვეობით. თავად თ. ჩ-იძემ აღნიშნული გზავნილი მიიღო 2007 წლის 14 აგვისტოს, მაგრამ მაშინვე ვერ გადასცა ნ. ლ-იანს, რადგან ნ. ლ-იანი ოჯახის წევრებთან ერთად გადასული იყო ქ. თბილისში, სადაც ცხოვრობდა ძირითადად სხვადასხვა მისამართებზე. კერძო საჩივარში ნ. ლ-იანმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება უკანონოა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ლ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარებიდან.
დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ნ. ლ-იანს ჩაჰბარდა პირადად 2007 წლის 14 აგვისტოს (ს.ფ.84). აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდა ჩაბარებიდან 14 დღეში, ე.ი. 2007 წლის 30 აგვისტომდე, ვინაიდან 28 აგვისტო იყო დასვენების დღე, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი საფოსტო ყუთში მოათავსა 2007 წლის 4 სექტემბერს (ს.ფ. 93), მან გაუშვა გადაწყვეტილების კანონით დადგენილი 14 - დღიანი გასაჩივრების ვადა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდა 22 აგვისტოს და სასამართლომ აღნიშნული დროიდან უნდა აითვალოს გასაჩივრების ვადა. საქმეში ასევე მოიპოვება თ. ჩ-იძის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება მან ჩაიბარა ნ. ლ-იანისათვის გადასაცემად 2007 წლის 14 აგვისტოს და მას ჩააბარა პირადად 2007 წლის 22 აგვისტოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუკი თ. ჩ-იძემ ნამდვილად ჩაიბარა საფოსტო გზავნილი აპელანტისათვის გადასაცემად, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ გადაეცა იგი ნ. ლ-იანისათვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 14 აგვისტოდან და არა 2007 წლის 22 აგვისტოდან, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, ვინაიდან ჩაბარების დასტურზე მითითებულია, რომ იგი ჩაიბარა პირადად ადრესატმა და მასზე აღნიშნული არაა, რომ იგი ნ. ლ-იანისათვის გადასაცემად ჩაიბარა თ. ჩ-იძემ.
სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ნ. ლ-იანის სააპელაციო საჩივარი განუხილველად და არ არსებობს ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ლ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.