Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-1013-270-08 25 თებერვალი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. გ-უა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. ნ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. დ-იძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრისა და 21 დეკემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.დ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში, დ. ხ-ვნის ქ.¹..-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და სახლი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მოპასუხე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ნივთით და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა.გ-უამ სადავო სახლზე თავისი საკუთრების უფლება სათანადოდ ვერ დაადასტურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მიასის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა.გ-უამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით,Yა.გ-უას გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ უწყება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მის მეუღლეს, რაც უწყების მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. პალატამ მიუთითა, რომ ა.გ-უას წარმომადგენელ ნ. ნ-იძეს სასამართლო უწყება არ გაეგზავნა, რადგან მის მინდობილობას ვადა გაუვიდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და შ.დ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა.

ა.გ-უას წარმომადგენელმა ნ. ნ-იძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. გ-უას განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ა.გ-უას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 21 დეკემბერს, 13 დეკემბერს კი მხარემ მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებულ საქმეზე. პალატამ მიუთითა, რომ სანამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და განჩინებები შევიდოდეს კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება, დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, შეიძლება სააპელაციო და საკასაციო წესით, მაგრამ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მათი აღნიშნული კუთხით გასაჩივრება აღარ დაიშვება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების შესახებ ა.გ-უას განცხადების სასამართლოში შემოტანის მომენტისათვის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების 12-დღიანი ვადა გასული არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე ა. გ-უას წარმომადგენელმა ნ. ნ-იძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი. ფაქტობრივად, საქმის მასალებში 2007 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ ა.გ-თვის შეტყობინების დამადასტურებელი უწყება არ მოიპოვება. 2007 წლის 13 დეკემბრის განცხადებით, ა.გ-უამ მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა, რადგან მხარე საქმის განხილვაზე სათანადო წესით მიწვეული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული განცხადების მოთხოვნა უგულებელყოფილ იქნა.

ა. გ-უას წარმომადგენელმა ნ. ნ-იძემ კერძო საჩივარი შეიტანა ასევე სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზეც, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ გასაჩივრებული განჩინება ერთპიროვნულად უკანონოდ იქნა მიღებული.

უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა. გ-უას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 21 ნოემბერს, რის შესახებ მხარეებს სასამართლო უწყებები გაეგზავნათ. საქმის მასალებში წარმოდგენილი სახალხო ფოსტის მიღება-ჩაბარების უწყების მიხედვით, ა.გ-უას მხრიდან უწყება ჩაბარდა მის მეუღლეს _ ჟ.კ-ავას. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სააპელაციო პალატამ 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 21 დეკემბერს, 13 დეკემბერს კი მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ერთპიროვნულად იმსჯელა ზემოხსენებული განცხადების დასაშვებობაზე და იგი განუხილველად დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-უასა და მის წარმომადგენელ ნ. ნ-იძის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში, ა.გ-უას ნაცვლად, სასამართლო უწყება 2007 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე ჩაიბარა მისმა მეუღლემ (ს.ფ. 159), რაც უწყების მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ საქმის მასალებში 2007 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ ა.გ-ის შეტყობინების დამადასტურებელი უწყება არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება სხდომის დღის შესახებ მხარეთათვის ჩაბარებულად ითვლება.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოების განახლების შესახებ ა.გ-უას განცხადების დასაშვებობაზე ერთპიროვნულად არასწორად იმსჯელა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას განიხილავს ამ ინსტანციისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 373-ე მუხლი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს წყვეტს სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე ერთპიროვნულად, რის შედეგადაც ამზადებს შესაბამის განჩინებას. ამდენად, საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა.გ-უას განცხადების დასაშვებობა მომხსენებელმა მოსამართლემ ერთპიროვნულად სწორად შეამოწმა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-უასა და მის წარმომადგენელ ნ. ნ-იძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრისა და 21 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.