¹ას-1014-1209-08 11 დეკემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ც. დ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი--- გ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ... სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც. დ-ის სარჩელი მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ... სკოლის მიმართ ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც. დ-ის წარმომადგენელმა გ. ტ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ც. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ც. დ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუწესდა ხარვეზი და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ორჯერ გაეგზავნა ც. დ-ს სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. ც. დ-ის სახელზე გაგზავნილი ბოლო გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ „ამ მისამართზე არ ცხოვრობს ეს ადრესატი“.
პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარს უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილვევლად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. დ-ის წარმომადგენელმა გ. ტ-მა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ც. დ-ე დღესაც ცხოვრობს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე., იგი უმუშევარია და მთელი დღის განმავლობაში იმყოფება სახლში. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულია ასევე წარმომადგენელის სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი, გზავნილი არ ჩაბარდათ მათგან დამოუკიდებელი, ე.ი. საპატიო მიზეზით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით საქმის განმ-ხილველი სასამართლოს მიერ არ შესრულებულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გზავნილი არ ჩაბარებიათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რის გამოც ხარვეზი ვერ შეივსებოდა აღნიშნულიდან გამომდინარე კერჩო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ც. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ც. დ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუწესდა ხარვეზი, აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ორჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე, ხოლო ბოლო გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ „ამ მისამართზე არ ცხოვრობს ეს ადრესატი“(ს.ფ.154)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება (გზავნილი) ჩაბარებულად ჩაითვლება.
ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართი შეცვლის თაობაზე, შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აპელანტს განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით მართებულად იხელმძღვანელა, შესაბამისად ც. დ-ის წარმომადგენლის გ. ტ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. დ-ის წარმომადგენლის გ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.