ას-101-446-07 12 თებერვალი, 2007 წელი
სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. წ-ის წარმომადგენლის ნ. წ-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის განჩინებებზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილებით დამტკიცდა შპს „ .. .. ..“ საგაკოტრებო მორიგება.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ჩ-მ, ნ. მ-მ, ნ. წ-მა და ვ. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. ლ-მ, ნ. ჩ-მ და ნ. წ-მა წარმოადგინეს მხარეთა მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
ლ. წ-ის წარმომადგენელმა ნ. წ-მა და გაკოტრების მმართველმა ა. მ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აღნიშნული განჩინება და მოითხოვეს მისი გაუქმება. მითითებულმა პირებმა ამავე კერძო საჩივრით სადავო გახადეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ვ. გ-ის, ნ. მ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. წ-ის კერძო საჩივრის გამო თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია განჩინებები ერთის მხრივ მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, მეორე მხრივ, კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე აღნიშნულ გარჩინებათა კერძო საჩივრით გასაჩივრება დაუშვებელია. კერძო საჩივარი არ შეიცავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და ამასთან კანონი მითითებულ შემთხვევებში არ უშვებს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმვღვანელა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონის“ 31-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. წ-ის წარმომადგენლის ნ. წ-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.