Facebook Twitter

¹ას-1016-1288-09 24 ნოემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ნ. კ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ც. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ საზღვრის აღდგენა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 18 ივნისს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. კ-ძემ მოპასუხე ნ. კ-შვილის მიმართ ც. კ-ძის კუთვნილ ფართში არსებული ტიხრის 1.60 მეტრით გადაწევისა და საზღვრებში მოქცევის მოთხოვნით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია შპს “კოოპუნივერმაღში” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი 35 მ2 ფართის მესაკუთრედ. აღნიშნული ფართის გამოყენებაში ეშლება ხელი, ვინაიდან მოპაუხე მხარე ნებაყოფლობით არ წევს ტიხარს საზღვრის შესაბამისად (ს.ფ. 3-12).

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ც. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. კ-შვილს დაევალა ც. კ-ძის კუთვნილ ფართში არსებული ტიხრის 1.60 მეტრით გადაწევა და საკუთრების საზღვრებში მოქცევა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით ც. კ-ძეს ქ. ლანჩხუთში გააჩნია 35 კვ.მ. ფართობი. ტიხარი გატარებულია ც. კ-ძის კუთვნილ ფართში. მოსარჩელისა და მოწმეების ჩვენებებით დადგენილად ჩაითვალა ის გარემოება, რომ შპს “უნივერმაღის” მეწილეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ტიხრების გადაწევასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრით დარეგისტრირებული მათ საკუთრებაში არსებული ფართობების საზღვრების შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (ს.ფ. 93-96).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 23 მარტს შპს “კოოპუნივერმაღის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ც. კ-ძემ შეიძინა 35 კვ.მ ფართი, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო ნ. კ-შვილის მიერ შეძენილ იქნა 60 კვ.მ ფართი. აპელანტის მითითებით, ფართის ყიდვის დროს მყიდველს ჰქონდა მისი შემოწმებისა და გამყიდველისათვის პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნული შესაძლებლობა მას არ გამოუყენებია, რაც გამორიცხავს ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის წარდგენას. აპელანტი მიიჩნევს, რომ გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, შესაბამისად, ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა ც. კ-ძეს ჰქონდა გამყიდველისგან და არა მესამე პირისგან. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის ფართის საზღვრებში მოქცევაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც იგი უნდა დადებულიყო წერილობითი ფორმით. აპელანტის მითითებით, მხარეთა შორის ფართები გადანაწილებულია იდეალურ წილებად. მოსარჩელე სარჩელში არ ითხოვდა საკუთარი წილის რეალურ გამოყოფას, შესაბამისად, სასამართლოს წილების რეალური გაყოფის გარეშე არ ჰქონდა უფლება, დაედგინა საზღვრის გადაწევა (ს.ფ. 99-109).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს დაევალა 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 111-113).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიუთითა, რომ 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და განემარტა, რომ, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლომ მიუთითა, რომ 2009 წლის 31 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ნ. კ-შვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 17 აგვისტოს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2009 წლის 24 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ფილიალის “ლანჩხუთის ფოსტის” წერილიდან ირკვეოდა, რომ ნ. კ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 31 აგვისტოს შესული განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ “საქართველოს ფოსტაში” შეიტანა 2009 წლის 26 აგვისტოს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 122-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 17 აგვისტოს, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საქართველოს ფოსტის ფილიალს “ლანჩხუთის ფოსტას” ჩააბარა 2009 წლის 24 აგვისტოს, რასაც ადასტურებს საქართველოს ფოსტის ფილიალის “ლანჩხუთის ფოსტის” მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 128-133).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება მან ფოსტას ჩააბარა 2009 წლის 24 აგვისტოს. საქმეში არსებული საფოსტო კონვერტის თანახმად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ლანჩხუთის ფოსტას ჩაჰბარდა 2009 წლის 25 აგვისტოს, რასაც ადასტურებს ¹56 შეკვეთილ წერილზე დასმულ შტამპზე აღნიშნული რიცხვი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლანჩხუთის ფოსტის დირექტორის წერილი ვერ ადასტურებს ნ. კ-შვილის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების ლანჩხუთის ფოსტისათვის 2009 წლის 24 აგვისტოს ჩაბარების ფაქტს, ვინაიდან ვერ აქარწყლებს ფოსტის მიერ შეკვეთილი წერილის ოფიციალურად დამოწმების სისწორეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების ლანჩხუთის ფოსტაში შეტანის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს ¹56 შეკვეთილ წერილზე დასმულ შტამპზე აღნიშნული რიცხვი _ 2009 წლის 25 აგვისტო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ნ. კ-შვილმა ფოსტას ჩააბარა 2009 წლის 25 აგვისტოს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.