Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №29აპ-17 ქ. თბილისი

ი-ე ბ., 29აპ-17 23 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენსა და განჩინებაზე მსჯავრდებულ ბ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. ი-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (2015 წლის 2 მაისის ეპიზოდი), 273-ე მუხლითა (2015 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

ბ. ი-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა, უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა 8 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრიან ვაზნას, რომლებიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც 2013 წლის 4 აგვისტოს მისი პირადი გასინჯვისას ამოიღეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ბ. ი-ე ადმინისტრაციული სახდელის გაქარწყლებამდე ატარებდა დანას, რაც 2013 წლის 4 აგვისტოს მისი პირადი გასინჯვისას ამოიღეს და რომელიც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულმა ბ. ი-მ ადმინისტრაციული სახდელის გაქარწყლებამდე კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც დაუდგინდა 2015 წლის 2 მაისს ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმებისას.

ბ. ი-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით - 1,8372 გრამ კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ,,AB-CHMINACA-ს“, რაც 2015 წლის 8 სექტემბერს ქ.ბათუმში, ….. ქუჩა №…..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

2015 წლის 14 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბ. ი-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ბ. ი-ე უკანონოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობის – 4,022 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ ,,მარიხუანას“, რაც 2015 წლის 8 სექტემბერს ამოიღეს ქ.ბათუმში, ….. ქ. №…..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით ბ. ი-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

ბ. ი-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, 273-ე მუხლით (2015 წლის 2 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი, 273-ე მუხლით (2015 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 8 სექტემბრიდან.

ბ. ი-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან ბ. ი-ს (პ/ნ ….., დასტური №…..).

მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ი-მ ჩაიდინა ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული ბ. ი-ე ატარებდა დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულმა პირმა - ბ. ი-მ, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც დაუდგინდა 2015 წლის 2 მაისს ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმებისას.

ბ. ი-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით 1,8372 გრამ კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ,,AB-GHMINAGA-ს”, რაც 2015 წლის 8 სექტემბერს, ქ.ბათუმში ….. ქუჩა №…..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ბ. ი-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულმა ბ. ი-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მცირე ოდენობით - 4,022 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას გამომშრალ ,,მარიხუანას“, რაც ამოიღეს 2015 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული ბ. ი-ს პირადი ჩხრეკისას.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ბ. ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ამასთან, ბ. ი-თვის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების გამკაცრებას და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, მისთვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნებოდა ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ბ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, 273-ე მუხლით (2015 წლის 2 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი, 273-ე მუხლით (2015 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ი-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნისა და სასჯელის მოხდის დრო - 2015 წლის 8 სექტემბრიდან 2016 წლის 7 აპრილის ჩათვლით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ბ. ი-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტან ბ. ი-ს (პ/ნ …..) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი (დასტური №….. ).

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ეპიზოდში ბ. ი-ს უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და რომელთა ერთობლიობით უტყუარად არის დადგენილი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ეს არის: მოწმეების - გ. მ-ს, თ. ხ-ს, თ. კ-ს, თ. ჯ-ს ჩვენებები, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის №….. დასკვნა, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ. ბ-მ.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მუშაკების ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ ისინი არ არის არსებითი ხასიათის და გავლენას ვერ მოახდენს ბ. ი-ს ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოწმეებმა - თ. ხ-მ და გ. მ-მ აღნიშნეს, რომ ,,BMW-ს” მარკის ავტომანქანა იყო გაჩერებული, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა თ. ჯ-მ განმარტა, რომ ქ.ბათუმში, ….. და ….. ქუჩების კვეთაში, შეაჩერეს მოძრავი ავტომანქანა და ჰკითხეს დახმარება ხომ არ ესაჭიროებოდათ, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, მოწმე თ. ჯ-ს არ უთქვამს, რომ მათ შეაჩერეს მოძრავი ავტომანქანა, არამედ მისი განმარტებით, დაინახეს, რომ ….. და ….. ქუჩების კვეთასთან იდგა ,,BMW-ს” მარკის ავტომანქანა, რა დროსაც შეაჩერეს მანქანა, გადმოვიდნენ და ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მუშაკების ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანისა და მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, რადგან ოთხივე მათგანმა ცალსახად მიუთითა, რომ პირადი გასინჯვის დროს ბ. ი-ს შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა 8 ცალი ვაზნა და ამ გარემოებასთან მიმართებით მათ ჩვენებებში რაიმე წინააღმდეგობა არ შეინიშნება.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია საკმარისად 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებები საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბ. ი-ს დამნაშავედ ცნობისათვის, მაშინ, როდესაც სწორედ იმავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩათვალა დადასტურებულად მის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, რომელიც, საქმის მასალების თანახმად, ვაზნებთან ერთად აღმოაჩნდა ბ. ი-ს პირადი გასინჯვის დროს.

პალატის აზრით, 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბ. ი-ე ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე იმყოფებოდა თავისავე ავტომანქანაში, მისი პირადი გასინჯვისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოღებულა, რის გამოც ნაკლებად სარწმუნოა აგვისტოში მას შარვლის ჯიბეში ჰქონოდა ვაზნები, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ვაზნები შეეძლო ავტომანქანაში შეენახა, არ ემყარება რაიმე სარწმუნო არგუმენტს და, შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება პირის უდანაშაულობის შესახებ დასკვნას.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომ ბ. ი-ს ბრალეულობას ეჭვქვეშ აყენებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი და განმარტა, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მოცემულ შემთხვევაში 1-ლი ინსტანციის სასამართლო თავადვე მიუთითებს განაჩენში, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე არსებული ინფორმაციით შეუძლებელია პიროვნებებისა და ავტომანქანების იდენტიფიცირება, რაც სააპელაციო პალატის აზრით, გამორიცხავს მასზე დაყრდნობით მოცემულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას, ვინაიდან ვერ დგინდება, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევას ასახავს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში ბ. ი-ს უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ საქმეში არსებობს კანონიერი და პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ბ.ი-ს მიერ საბრძოლო მასალის - 8 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი, რომლებიც მას აღმოაჩნდა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პირადი გასინჯვის დროს, რაც დადასტურებულია ამ ფაქტის თვითმხილველი, შემდგომში საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებით. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში ზუსტად არის მითითებული, თუ სად ჰქონდა შენახული ბ. ი-ს ვაზნები და მოცემულია მათი აღწერილობა. ადმინისტრაციული დაკავებისა და დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ აღნიშნული ვაზნები ადგილზე დაილუქა ბ. ი-ს თანდასწრებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დალუქული წარადგინეს ექსპერტიზაზე. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბ. ი-ს პირადი გასინჯვისას ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა მოპოვებისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვების დროს კანონი არსებითად არ დარღვეულა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა ბ. ი-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელების გამკაცრებისა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და სიმძიმეს. ამასთან, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ბ. ი-ს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ეპიზოდში სასჯელის სახით განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელების მინიმუმი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი და განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ.

7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებულ ბ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა აპელანტის - პროკურორ ლევან მურვანიძის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

· საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

10. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (იხ. საქმე #705აპ-10; 11აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

11. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

12. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება აგრეთვე შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ.საქმე #705აპ-10; 11აპ-16).

13. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არის დაშვებული ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც შეიძლება, გახდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი