Facebook Twitter

¹ას-1018-274-07 7 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ რ. ბ-ი, ზ. ყ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ., ი. და ლ. ფ-ები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს დ., ი. და ლ. ფ-ებმა მოპასუხეების _ ზ. და რ. ყ-ების მიმართ და მოითხოვეს მათი გამოსახლება თბილისში ......... ქ. ¹3-ის ¹3 კორპუსში მდებარე ბინა ¹1 ბინიდან.

მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებენ, რომ მოპასუხეები 2003 წლიდან ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე შეუშვეს აღნიშნულ ბინაში. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ მათ საკუთრებაში არსებულ ბინას, რითაც იზღუდება მოსარჩელეების ბინის მესაკუთრეების უფლებები, თავისუფლად ფლობდნენ და განკარგავდნენ საკუთარ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ზ. და რ. ყ-ების გამოსახლება თბილისში, .......... ქ. ¹3-ის ¹3 კორპუსში მდებარე ¹1 ბინიდან.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ სადავო ბინა იყიდეს დ. ფ-გან 1300 აშშ დოლარად, თუმცა, თანხის გადაცემის მიუხედავად, მოსარჩელემ მათ ბინა არ გადაუფორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით დ., ლ. და ი. ფ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. ბ-ი და ზ. ყ-ა გამოსახლებულ იქნენ თბილისში, .......... ქ. ¹3 კორპუსში მდებარე ¹1 ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ისა და ზ. ყ-ას წარმომადგენელმა მ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, რ. ბ-ისა და ზ. ყ-ას წარმომადგენლის _ მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე რ. ბ-ისა და ზ. ყ-ას წარმომადგენელმა მ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. მან მიუთითა, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივრისათვის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევიათ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ზ. ყ-ას შვილს _ გ. ყ-ას, რომელიც არ არის მათი ოჯახის წევრი და ცალკე ცხოვრობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ რ. ბ-ისა და ზ. ყ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ზ. ყ-ს შვილს, რომელიც ცალკე ცხოვრობს და არ არის ოჯახის წევრი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან თავისი დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისთვის უწყების შინაარსის ცნობება.

მოცემულ შემთხევაში გზავნილზე მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ზ. ყ-ას შვილს _ გ. ყ-ას 2007 წლის 26 ივლისს (ს.ფ.64,65). სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა ამოიწურა 2007 წლის 9 აგვისტოს, მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 10 აგვისტოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში რ. ბ-ისა და ზ. ყ-ას მიერ დარღვეულია სააპელაციო საჩივრისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-ისა და გ. ყ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.