საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-1019-1213-08 22 დეკემბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. უ-იძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ დ. შ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-იძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. დ-იძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და თ. უ-იძეების, ჟ. ხ-ის, ქ.ბათუმის ნოტარიუსების _ ლ.ჭ-სა და ხ.კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999 წლის 23 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ქ.ბათუმში, ..... მდებარე უძრავი ნივთის 3/11 გადავიდა ა. უ-ის საკუთრებაში, ხოლო 2003 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ა.კ-ას მემკვიდრე თ.გ-სა და თ. უ-იძეს შორის, რომლის მიხედვით, თ.უ-ემ იყიდა ამავე მისამართზე არსებული უძრავი ნივთის 3/11, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებებში გასხვისებული მიწის ნაკვეთის ოდენობა არასწორად იყო მითითებული, რის გამოც შეილახა მოსარჩელის, როგორც ამავე უძრავი ნივთის თანამესაკუთრის, უფლებები.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ა. და თ. უ-იძეების წარმომადგენელმა დ. შ-იძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით თ. უ-იძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონის მოთხოვნათა დაცვით და თ. უ-იძის წარმომადგენელ დ. შ-იძეს ჩაბარდა 2008 წლის 16 იანვარს. თ.უ-ემ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ფოსტით გააგზავნა 2008 წლის 21 აპრილს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 369-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც წარმოადგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. უ-იძის წარმომადგენელმა დ. შ-იძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თ. უ-იძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნა-ის შესაბამისად, თ.უ-ემ 2008 წლის 19 იანვარს “მოკლე” სააპელაციო საჩივარი გაუგზავნა სააპელაციო სასამართლოს ფაქსის მეშვეობით, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული ფაქსის ჩაბარების ამსახველი დოკუმენტით. გაუგებარია, თუ რატომ არ დაერთო აღნიშნული სააპელაციო საჩივარი საქმეს, თუმცა აღნიშნული თ. უ-იძისათვის სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების შეზღუდვის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატას თ.უ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა იმის გათვალისწინებითაც, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანაბრად უკანონოა როგორც ალიოშა, ისე თ. უ-იძეების მიმართ და ერთ-ერთი მათგანის მიერ ამ გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობა, მეორე მხარესაც უკარგავს მისი გასაჩივრების მნიშვნელობას. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ თ. უ-იძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 21 აპრილს, თუმცა სასამართლომ იგი განუხილველად დატოვა 2008 წლის 27 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული საქმე თავდაპირველად იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თ.უ-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ “მოკლე” სააპელაციო საჩივრის შეტანისას დაშვებულ იქნა ტექნიკური უსწორობა, კერძოდ, ხელმოწერის ნაწილში თალიკოს ნაცვლად, არასწორად მიეთითა ალიოშა უ-ზე, თუმცა ამ დოკუმენტის შინაარსიდან ირკვევა, რომ თ. უ-იძემ გამოავლინა სააპელაციო საჩივრის შეტანის ნება. დამატებით მოსაზრებაში კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ სადავო უძრავი ნივთი თ. უ-იძემ 2008 წლის იანვარში მიჰყიდა ვ.ხ-ს, შესაბამისად, სადავო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით ვ.ხ-ს შესაძლებლობა აღარ ეძლევა თ.უ-ის უფლებამონაცვლედ ჩაერთოს საქმეში.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი თ. უ-იძის წარმომადგენელ დ. შ-იძეს ჩაბარდა 2008 წლის 16 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თ.უ-ემ სააპელაციო სასამართლოსათვის გასაგზავნად ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 21 აპრილს.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით თ.უ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.უ-ის წარმომადგენელ დ.შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ თ.უ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზემოხსენებული ნორმით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სავსებით მართებულად დარჩა განუხილველად.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მან 2008 წლის 19 იანვარს სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა “მოკლე” სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ასეთი საქმეში არ მოიპოვება და არც მხარის მიერ კერძო საჩივარზე დართული ფაქსის ამონაწერით არ დასტურდება. აღნიშნული ამონაწერი დათარიღებულია 2002 წლის 19 იანვარით, ხოლო გაგზავნილი და ჩაბარებული ფურცლების ოდენობიდან დასტურდება, რომ ნომერზე 9823152302 ადრესატს არც ერთი გვერდი არ გაგზავნია და არც ჩაბარებია. შესაბამისად, დასახელებული მტკიცებულება სადავო სააპელაციო საჩივრის გაგზავნის დასადასტურებლად ვერ გამოდგება.
სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სადავო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის წესების დაცვით, რადგან მოცემული საქმის წარმოება თ.უ-ის სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის მიმდინარეობდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თ.უ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება, რომ მან სადავო უძრავი ნივთი გაასხვისა სხვა პიროვნებაზე, ამასთან, თ.უ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ა.უ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აზრს უკარგავს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ნორმით დადგენილი ვადის დარღვევა უპირობოდ იწვევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. უ-იძის წარმომადგენელ დ. შ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.