საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-1020-275-08 2 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ხ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის პირველ თებერვალს ზ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ო. ხ-შვილის მიმართ და მოითხოვა მის მიერ გაწეული ხარჯების 2500 ლარის, შრომითი წვლილის შესაბამისი საკომპენსაციო თანხის _6200 ლარისა და ერთობლივად დამზადებული ბალახის პრესის გაყიდვით მიყენებული ზიანის _500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ო. ხ-შვილს დაევალა უსაფუძვლოდ მიღებული 2175 ლარის ზ. მ-შვილისათვის დაბრუნება, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული ფიზიკური შრომის ანაზღაურებისა და ერთობლივად დამზადებული საქონლის საკვების ღირებულების მოპასუხისათვის ნაწილობრივ გადახდევინების მოთხოვნაზე, დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ხ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით, ო. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ხ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან, ო. ხ-შვილის განმარტებით, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის მეუღლეს ჩაჰბარდა 2007 წლის 30 სექტემბერს, და არა 2007 წლის 27 სექტემბერს, რომელიც მან სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა 2007 წლის 12 ოქტომბერს, ე.ი. კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. ხოლო საფოსტო შეტყობინებაზე, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო, ხელმოწერა გაყალბებულია “სახალხო ბანკის” სიღნაღის ფილიალის თანამშრომლის მიერ, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა “სახალხო ბანკის” სიღნაღის ფილიალის თანამშრომლის _ იზოლდა ტუხაშვილის ახსნა-განმარტების ასლი და შს სიღნაღის რაიონული განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობის ასლი იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის წარმოება ო. ხ-შვილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი ო. ხ-შვილს ჩაჰბარდა 2007 წლის 27 სექტემბერს, (ს.ფ.237), ხოლო მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეიტანა 2007 წლის 12 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2007 წლის 11 ოქტომბერი.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის მეუღლეს ჩაჰბარდა 2007 წლის 30 სექტემბერს, და არა 2007 წლის 27 სექტემბერს, რომელიც მან სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა 2007 წლის 12 ოქტომბერს, ე.ი. კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. ხოლო საფოსტო შეტყობინებაზე, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო, ხელმოწერა გაყალებულია “სახალხო ბანკის” სიღნაღის ფილიალის თანამშრომლის მიერ, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა “სახალხო ბანკის” სიღნაღის ფილიალის თანამშრომლის _ იზოლდა ტუხაშვილის ახსნა-განმარტების ასლი და შს სიღნაღის რაიონული განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობის ასლი იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ო. ხ-შვილის მიერ წარმოდგენილი შს სიღნაღის რაიონული განყოფილების გამომძიებლის 2007 წლის 20 დეკემბრის ცნობის ასლით ირკვევა, რომ ო. ხ-შვილის 2007 წლის 18 დეკემბრის განცხადების საფუძველზე სიღნაღის რაიონულ განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, ხოლო დოკუმენტის სიყალბე დღესდღეობით არ დადასტურებულა.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ თუ აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე დადგინდება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ამდენად, ო. ხ-შვილის მიერ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის პირველი ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.