ას-1021-1293-09 30 ნოემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ნ. ო-ძე, ვ. მ-შვილი, ნ. ს-შვილი, ს. მ-ოვი (წარმომადგენელი ც. შ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ გ. გ-ძე; შპს “მეგობრობა ლენდი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმისა და წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს: ნ. ო-ძემ, ვ. მ-შვილმა, ა. ს-შვილის უფლებამონაცვლე ნ. ს-შვილმა და ს. მ-ოვმა მოპასუხეების _ გ. გ-ძისა და შპს “მეგობრობა ლენდის” მიმართ. მოსარჩელეების საბოლოო მოთხოვნებს წარმოადგენდა: შპს “ჩუღურეთი 2000-ის” პარტნიორთა კრების 2006 წლის 19 აპრილის ¹1 ოქმის ბათილად ცნობა, 2006 წლის 20 აპრილის წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც გულისხმობდა შპს “ჩუღურეთი 2000-ისათვის” 2006 წლის 19 აპრილამდე არსებული მდგომარეობით ქონების დაბრუნებას. ბათილობის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელეები მიუთითებდნენ შპს “ჩუღურეთი 2000-ის” კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილების დაბრუნებას 2006 წლის 19 აპრილამდე მდგომარეობით (ტომი I, ს.ფ. 47-57, 117-118, 226-229).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ო-ძის, ვ. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და ს. მ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 272-278).
პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-ძემ, ვ. მ-შვილმა, ა. ს-შვილის უფლებამონაცვლე ნ. ს-შვილმა და ს. მ-ოვმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 290-298).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს _ ნ. ო-ძეს, ვ. მ-შვილს, ნ. ს-შვილსა და ს. მ-ოვს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სადავო ქონების (გასხვისებული წილის) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ტომი II, ს.ფ. 3-4).
2009 წლის 14 სექტემბერს აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება, რომელსაც თან დაურთეს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, მათ მიუთითეს, რომ საქმეში არსებული წილის დათმობის ხელშეკრულებით სადავო ქონების (გასხვისებული წილის) ღირებულება განსაზღვრულია 8 000 ლარით, რომლის 4% შეადგენს 320 ლარს. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეკონომიური გაჭირვების გამო მათ არ ჰქონდათ საშუალება გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხა, რის გამოც ითხოვეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ტომი II, ს.ფ. 13).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. ო-ძეს, ვ. მ-შვილს, ნ. ს-შვილსა და ს. მ-ოვს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, მათვე დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სადავო ქონების (გასხვისებული წილის) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით (ტომი II, ს.ფ. 17-18).
ზემოთ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 170 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რის შესაბამისადაც ითხოვეს ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ტომი II, ს.ფ. 24).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ნ. ო-ძის, ვ. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და ს. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტ ვ. მ-შვილს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 320 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის ავტორებმა არ შეასრულეს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, მათ კვლავ არ წარადგინეს სადავო ქონების (გასხვისებული წილის) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებული იყო, შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოქმედება.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ. ო-ძის, ვ. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და ს. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 26-28).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ო-ძემ, ვ. მ-შვილმა, ნ. ს-შვილმა და ს. მ-ოვმა (წარმომადგენელი ც. შ-ძე), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, 2009 წლის 14 სექტემბერს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში ისინი ნათლად განმარტავდნენ, რომ საქმეში არსებული წილის დათმობის ხელშეკრულებით სადავო ქონების (გასხვისებული წილის) ღირებულება შეადგენდა 8 000 ლარს, ხოლო მისი 4% იყო 320 ლარი. დასახელებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის თანხა მათ გადაიხადეს, რისი დამადასტურებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი აქვთ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, თუკი სააპელაციო სასამართლოს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ აკმაყოფილებდა, შეეძლო აღნიშნული ოდენობა თავად დაედგინა, მით უფრო, როდესაც საქმეზე წარდგენილი იყო სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი აუდიტის დასკვნის სახით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლი მოსარჩელის მიერ მითითებული ფასის სადავო ქონების რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებას აძლევს მოსამართლეს, თვითონვე განსაზღვროს დავის საგნის ფასი სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით, რასაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია (ტომი II, ს.ფ. 37-38).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, ნ. ო-ძის, ვ. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და ს. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად, რომლითაც ნ. ო-ძეს, ვ. მ-შვილს, ნ. ს-შვილსა და ს. მ-ოვს დაევალათ სადავო ქონების (გასხვისებული წილის) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა, აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება, რომელსაც თან დაურთეს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, მათ მიუთითეს, რომ საქმეში არსებული წილის დათმობის ხელშეკრულებით სადავო ქონების (გასხვისებული წილის) ღირებულება განსაზღვრულია 8 000 ლარით, რომლის 4% შეადგენს 320 ლარს. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეკონომიური გაჭირვების გამო მათ არა აქვთ საშუალება, გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხა, რის გამოც ითხოვენ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას (ტომი II, ს.ფ. 3-4, 13). მოგვიანებით, აპელანტებმა წარადგინეს დარჩენილი 170 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რის შესაბამისადაც ითხოვეს ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ტომი II, ს.ფ. 24).
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტების მიერ სადავო ქონების (გასხვისებული წილის) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში წარუდგენლობა (ტომი II, ს.ფ. 26-28).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. აღნიშნული ნორმა ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც დავის საგნის (სარჩელის საგნის) ღირებულების განსაზღვრის მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო აღნიშნული ფასის სადავო ქონების რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობის შემთხვევაში შემდგომ საპროცესო მოქმედებად გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ დავის საგნის ფასის თავად განსაზღვრა და არა სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვება. ამგვარი რამ არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან.
აპელანტებმა _ ნ. ო-ძემ, ვ. მ-შვილმა, ნ. ს-შვილმა და ს. მ-ოვმა 2009 წლის 14 სექტემბერს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიუთითეს სადავო ქონების (გასხვისებული წილის) ღირებულებაზე, რაც მათ განსაზღვრეს სადავო წილის დათმობის ხელშეკრულების ფასით _ 8 000 ლარით. ამდენად, მათ ხარვეზის შესავსებად დადგენილ საპროცესო ვადაში შეასრულეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით მათ მიერ შესასრულებელი საპროცესო მოქმედება. თუკი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ აპელანტების მიერ მითითებული დავის საგნის ღირებულება _ 8 000 ლარი არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თავად უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება. ამდენად, ამ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო-ძის, ვ. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და ს. მ-ოვის (წარმომადგენელი ც. შ-ძე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.