Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-1021-276-08 10 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ამხანაგობა „ .. ..“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. და რ. ჩ-იძეები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამხანაგობა „ .. ..ის“ თავმჯდომარე ლ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. და რ. ჩ-იძეების მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1990 წელს შეიქმნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ .. ..“, რომელსაც ბ...ის ქუჩის ¹84-86-ში და ჯ-ის ქუჩა ¹3-ში მცხოვრებ პირთა თანხმობის საფუძველზე ნება დაერთო, ერთსართულიანი და ამორტიზებული, სეისმურად არამდგრადი სახლების ნაცვლად, აეშენებინა 12-სართულიანი სახლი. აღნიშნულის თაობაზე გამოთქვეს სურვილი ასევე ბ. და რ. ჩ-იძეებმა იმ პირობით, რომ მიეცემოდათ საცხოვრებელი ფართი ახალი ბინის მე-7 სართულზე, ხოლო მოგვიანებით სანოტარო წესით თანხმობის გაცემაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ქალაქის მთავარი არქიტექტორი არ იძლევა მშენებლობის ნებართვას. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პროექტის მომზადებისა და შემუშავებისათვის ამხანაგობის მიერ დახარჯული 266 903 ლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ კუთვნილი სახლის დანგრევაზე მოსარჩელისათვის თანხმობა არ მიუციათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამხანაგობა „ .. ..-ის“ თავმჯდომარე ლ. დ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, თუმცა ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 იანვარს ლ. დ-ს დაევალა ამხანაგობა „ .. ..-ის“ თავმჯდომარის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ლ.დ-მა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” დებულება, ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” წევრთა 1999 წლის 12 მარტისა და 2007 წლის 3 თებერვლის საერთო კრებების ოქმები. სააპელაციო პალატამ განუმარტა აპელანტს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება ლ.დ-ის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” თავმჯდომარედ ყოფნის ფაქტი, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამხანაგობა „ .. ..-ის“ სახელით. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ლ.დ-ს დაევალა, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტში და შემდგომაც ამხანაგობა „ .. ..-ის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი იყო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ლ.დ-ს 2007 წლის 19 ნოემბერს ჩაბარდა და მან სასამართლოს კვლავ წარუდგინა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” დებულება და ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” წევრთა 1999 წლის 12 მარტისა და 2007 წლის 3 თებერვლის საერთო კრებების ოქმები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ამხანაგობა „ .. ..-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტია ამხანაგობა „ .. ..“, რომლის სახელით სააპელაციო საჩივრი შეიტანა ლ. დ-მა. ამ უკანასკნელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მითითებული ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ხარვეზის განჩინება ლ.დ-ს ჩაბარდა, თუმცა ლ.დ-მა წარადგინა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” დებულება და ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2007 წლის 3 თებერვლის ოქმი, რომელთა მიხედვით, აღნიშნული ამხანაგობა ქ.თბილისის ვაკის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 11 იანვრის ¹625 განკარგულებით ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” სამართალმემკვიდრეა. შეაფასა რა დასახელებული დოკუმენტები, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტში და შემდგომაც ლ.დ-ს ამხანაგობა „ .. ..-ის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი გამოვლინდა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია. სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა ასევე ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” თავმჯდომარე ლ.დ-ის წარმომადგენელ გ.გ-შვილსაც და არ გაეგზავნა ზ. ჯ-ძეს, რომლის სახელზეც მინდობილობა გასცა ფიზიკურმა პირმა ლ.დ-მა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ამხანაგობა „ .. ..-ის“ თავმჯდომარე ლ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა და ამხანაგობა „ .. ..-ის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დაადასტურა. სააპელაციო პალატამ განჩინებაში კანონდარღვევით იმსჯელა სულ სხვა სახელის ამხანაგობა “ბ-ი ...-ზე”.

უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ .. ..-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ამხანაგობა „ .. ..-ის“ თავმჯდომარე ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი ხარვეზიანია და 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დაავალა ლ.დ-ს 10 დღის ვადაში ამხანაგობა „ .. ..-ის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

ხარვეზის შესახებ სასამართლოს განჩინება ჩაბარდა როგორც ლ.დ-ს, ისე მის წარმომადგენელ გ.გ-შვილს. აპელანტმა წარადგინა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” დებულება და ამავე ამხანაგობის წევრთა 1999 წლის 12 მარტისა და 2007 წლის 3 თებერვლის საერთო კრებების ოქმები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „ .. ..-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, რომელმაც აღნიშნული უფლებამოსილების არსებობა სათანადო მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ლ. დ-მა ამხანაგობა „ .. ..-ის“ სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება ვერ დაადასტურა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა რა ამხანაგობა „ .. ..-ის“ სარჩელზე, აპელანტ ლ. დ-ს უნდა წარმოედგინა ამხანაგობა „ .. ..-ის“ თავმჯდომარედ მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობა, რაც მას არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ლ.დ-ის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” დებულება და საერთო კრების ოქმები, როდესაც მიიჩნია, რომ დასახელებული დოკუმენტები ადასტურებს ლ.დ-ის ამხანაგობა “ბ-ი ...-ის” წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და ამ უკანასკნელს ამხანაგობა „ .. ..-ის“ სახელით მოქმედების უფლებას არ ანიჭებს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტს ხარვეზის განჩინებაში მითითებული სააპელაციო საჩივრის ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ამხანაგობა „ .. ..-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.