Facebook Twitter

ას-1023-1217-08 5 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ჯ-ერი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ძე

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 2 ნოემბერს რ. ბ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ნ. ბ-ძემ სარჩელით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნოტარიუს ნ. გ-ძის და ი. ჯ-ერის მიმართ, მესამე პირი ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენელ-მეურვე კ. ბ-ძესა და ი. ჯ-ერს შორის 2004 წლის 3 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე-მდებარე თბილისში, ... ქ.¹16-ში და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. ბ-ძის სახელზე, მოპასუხეებს _ ი. ჯ-ერისა და თ. ჯ-ერის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა რ. ბ-ძეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და თ. ჯ-ერებმა და ასევე ნოტარიუსმა _ ნ. გ-ძემ.

ი. და თ. ჯ-ერებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

ნ. გ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

2007 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა რ. ბ-ძის შვილის ი. ბ-ძის განცხადება-შუამდგომლობა, მამის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და რ. ბ-ძის უფლებამონაცლის დადგენამდე თ. და ი. ჯ-ერებისა და ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივრებზე შეჩერდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. ბ-ძის მიერ წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით, რომელიც გაიცა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს, დასტურდება, რომ რ. ბ-ძე დაბადებული 1939 წლის პირველ სექტემბერს გარდაიცვალა 2008 წლის 17 სექტემბერს. ვინაიდან დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა მოცემულ შემთხვევაში დასაშვები იყო და შესაბამისად, არსებობდა თ. და ი. ჯ-ერებისა და ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივრებზე საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჯ-ერმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს საქმის წარმოება კი არ უნდა შეეჩერებინა, არამედ თავისი ინიციატივით უნდა შეეწყვიტა ან დაეტოვებინა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების ან ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «ა» და «ე» ქვეპუნქტების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ჯ-ერის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი ადგენს იმ საფუძვლებს, რომლის დროსაც დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობა, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ ეტაპზე. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს.

მითითებული მუხლების მიხედვით, სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა _ ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. იგი მთლიანად ეფუძვნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს გაცემული მოწმობით დადგენილია, რომ 1939 წლის პირველ სექტემბერს დაბადებული რ. ბ-ძე გარდაიცვალა 2008 წლის 17 სექტემბერს. დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ანუ დავა ქონებრივი ხასიათისაა. ქონებრივი უფლებები კი მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სკ-ის 1328-ე მუხლი). ამდენად, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, შესაბამისად დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჯ-ერის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.