№ას-1023-1295-09 26 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „----“ დირექტორი დ. ხ-ძე, ო. ჯ-ული
მოწინააღმდეგე მხარე – სს „საქართველოს ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის პირველი ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 5 აგვისტოს სს „საქართველოს ბანკმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების შპს „----“, დ. ხ-ძისა და ო. ჯ-ულის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „-----“, ო. ჯ-ულსა და დ. ხ-ძეს 2005 წლის პირველი აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრათ 78068 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ. შპს „-----“ 2006 წლის პირველი მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრა 82 765,02 ლარის გადახდა სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ. სარეალიზაციოდ მიექცა დ. ხ-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ----- მე-19 კორპუსი, ბინა №18. სარეალიზაციოდ მიექცა შპს „-----“ საკუთრებაში არსებული დაგირავებული ქონება-ავეჯი, ტექნიკა, მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი საშუალებები, მდებარე თბილისში, ---- ქ.№6-ში, პოლიგრაფიული საბეჭდი დაზგა „დომინანტ 525“ (ორი ცალი), პოლიგრაფიული საბეჭდი დაზგა „ადასდ-მაქსიმა-80“.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ხ-ძემ, ო. ჯ-ულმა და „----“, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით აპელანტებს, შპს „-----“, ო. ჯ-ულსა და დ. ხ-ძეს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 3122,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და შპს „----“ დაევალა 3310 ლარის გადახდა, ამასთან, აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებულიყო 7000 ლარს. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა.
აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ აპელანტებს.
2009 წლის 28 ივლისს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში, დ. ხ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ შპს „----“ აღარ ფუნქციონირებდა 2006 წლის 27 სექტქმბერიდან და არც ანგარიშზე გააჩნდა ნაშთის სახით რაიმე თანხა, დედამისი _ ლ. ხ-ძე დაავადებულია დიალეზის მძიმე ფორმით და არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომლის მკურნალობაც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ხოლო ო. ჯ-ული უმუშევარია და არ გააჩნია შემოსავლის წყარო, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს „------“, ო. ჯ-ულისა და დ. ხ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 8 დღით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.
აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 33-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2009 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანეს დ. ხ-ძემ და ო. ჯ-ულმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დაწესებული შესაძლებლობა: მათ არც შეუმცირა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და არც გადაუვადა მისი გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს „----“ დირექტორ დ. ხ-ძისა და ო. ჯ-ულის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „------“, დ. ხ-ძესა და ო. ჯ-ულს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3122,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა და შპს „-----“ დაევალა 3310 ლარის გადახდა, ამასთან, აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებულიყო 7000 ლარს.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს „---“, ო. ჯ-ულისა და დ. ხ-ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებულად მიჩნევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 8 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, დ. ხ-ძეს და ო. ჯ-ულს ჩაჰბარდათ 2009 წლის 27 აგვისტოს (ს.ფ.36-37), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 4 სექტემბერი. აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
დ. ხ-ძე და ო. ჯ-ული კერძოOსაჩივარში განმარტავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დაწესებული შესაძლებლობა, ვინაიდან მათ არც შეუმცირა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და არც გადაუვადა მისი გადახდა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თავდაპირველი შეუმდგომლობით აპელანტები ითხოვდნენ ხარვეზის შევსებულად ცნობას და საქმის წარმოებაში მიღებას, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და მათ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. ხოლო ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლის ჩაბარების შემდგომ, მათ არც ხარვეზი გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ წარმოუდგენიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „-----“ დირექტორ დ. ხ-ძისა და ო. ჯ-ულის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის პირველი ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი
თ. თოდრია