Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №48აპ-17 ქ. თბილისი

ვ-ი გ., 48აპ-17 22 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ იმედა ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით გ. ვ-ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ვ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაშა ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 7 ივნისიდან - 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ. ვ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ვ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ე.წ. გადაჭრილი თოფი და „F1–ის“ ტიპის ხელყუმბარა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თბილისში, ....., .....ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.

2016 წლის 7 ივნისს, 16 საათსა და 50 წუთზე, გლდანი–ნაძალადევის პოლიციის მე–..... განყოფილების თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გ. ვ-ს მითითებულ საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში, მისი კუთვნილი საწოლიდან ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული გადაჭრილი თოფი და ხელყუმბარა.

ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის №..... დასკვნით, გ. ვ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „ИЖ-18“ მოდელის, 16 კალიბრიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი - ....., რომელსაც შემდგომში კუსტარული წესით დამოკლებული აქვს ლულა და კონდახი, არის ე.წ. „გადაჭრილი თოფი“, რომელიც კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პიროტექნიკური ექსპერტიზის ..... დასკვნით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით მარკირების გარეშე, მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და ვარგისია დანიშნულებით გამოსაყენებლად.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა და მსჯავრდებულ გ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ.

ბრალდების მხარემ საჩივრით ითხოვა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარემ ითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ თავის განაჩენში აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება (პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლებოდა, უფრო მკაცრი ან მსუბუქი სასჯელის შეფარდების საფუძველი გამხდარიყო.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იმედა ფხაკაძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა: გ. ვ-ს პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება; გადაჭრილი თოფისა და ხელყუმბარის შენახვის ადგილი, კერძოდ, დადგენილია, რომ გ. ვ-ი მათ ინახავდა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, რაც წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის შემცველს გარშემომყოფ პირთათვის; გ. ვ-მ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, რადგან:

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულ გ. ვ-თვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მატერიალური სისხლის სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, ასევე - საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლომ უნდა დაიცვას მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ პირობებში ასეთი სასჯელის დანიშვნა არ განსხვავდება მსგავს საქმეებზე სასჯელის გამოყენების დამკვიდრებული საკასაციო სასამართლო პრაქტიკისგან (მაგალითისთვის იხ. 434აპ-16).

10. ამავე დროს, მოცემული საქმის შესწავლით არ დგინდება, რომ ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა რაიმე სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

11. ასევე არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, ასეთი საქმეების თაობაზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

12. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ იმედა ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი