Facebook Twitter

ას-1025-1297-09 7 დეკემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. და კ. გ-ძეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ხ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. და მ. გ-ძეების მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ... გამზირის ¹38 კორპუსში მდებარე ¹35 ბინის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: გარკვეული ფინანსური სირთულეები გამო მოსარჩელემ გადაწყვიტა, კუთვნილი სადავო ბინა მიეყიდა მოპასუხე კ. გ-ძისათვის, რის შედეგად მხარეთა შორის ორჯერ გაფორმდა ხელშეკრულება ბეს გადაცემის თაობაზე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ბინის ღირებულება სრულად ვერ გადაიხადა. აღნიშნულით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ამჟამად, მოპასუხეები ფლობენ და არ ათავისუფლებენ სადავო ფართს.

მოპასუხე კ. გ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ხ-შვილის მიმართ ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნებისა და ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით კ.გ-ძის შეგებებული სარჩელი გამოიყო ცალკე წარმოებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ... გამზირის ¹38 კორპუსში მდებარე ¹35 ბინა გამოთხოვილ იქნა კ. და მ. გ-ძეების უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. და კ. გ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილით, 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან, საქმის მასალების შესაბამისად, მ. და კ. გ-ძეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 29 ივლისს ჩაიბარეს, ხოლო სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართეს ამავე წლის 7 სექტემბერს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. და კ. გ-ძეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 29 ივლისს ჩაბარდათ. ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მათ გადაეცათ 2009 წლის 27 აგვისტოს და სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 14-დღიანი ვადის დაცვით შეიტანეს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ასლი კ. და მ. გ-ძეებს ჩაბარდათ 2009 წლის 29 ივლისს.

ზემოხსენებულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი მხარეებმა წარადგინეს 2009 წლის 7 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. და მ. გ-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კ. და მ. გ-ძეებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და 2009 წლის 29 ივლისს კ. გ-ძეს პირადად ჩაბარდა. კ.გ-ძემ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა ასევე თავისი მეუღლის _ მ. გ-ძისათვის გადასაცემადაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მ. გ-ძისათვის გაგზავნილი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩიათვალოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 27 აგვისტოს ჩაბარდათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა სავსებით სწორად აითვალა 2009 წლის 29 ივლისიდან და მართებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის 2009 წლის 7 სექტემბერს შეტანით კ. და მ. გ-ძეებმა ზემოხსენებული ვადა დაარღვიეს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. და მ. გ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.