Facebook Twitter

ას-1027-1220-08 5 თებერვალი, 2009წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) _ ბ. კ-ძე (წარმომადგენელი დ. ხ-ძე)

მოპასუხე _ მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს «პროკრედიტ ბანკი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ფულადი თანხის დაკისრება, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს «პროკრედიტ ბანკმა» (სს «საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის» უფლებამონაცვლე) მოპასუხე მ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (მათ შორის: 13861 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი თანხა, 2699.32 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი და 670.56 აშშ დოლარი პირგასამტეხლო), მთლიანობაში 17230.88 აშშ დოლარის ანაზღაურება, აგრეთვე აღნიშნული თანხის დაფარვა უწინარესად იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე მიუთითებდა:

2002 წლის 14 ივნისს სს «საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის» ბათუმის ფილიალსა და მ. შ-ძეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც სს «საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის» ბათუმის ფილიალმა მ. შ-ძეს გადასცა 17000 აშშ დოლარი, ხოლო ამ უკანასკნელმა იკისრა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც გამოიხატებოდა მის მიერ 2005 წლის 14 ივნისამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის 2%-ის მიხედვით დადგენილი თანხის გადახდაში, ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტის დაფარვის თანდართული გრაფიკის მიხედვით. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით. ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, მ. შ-ძემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების დანართი ¹1-ით გათვალისწინებული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რის თაობაზეც მას არაერთი გაფრთხილება, ხოლო დავალიანების დასაფარად გარკვეული ვადა მიეცა, რაც არ შესრულებულა. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა ბანკის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულების მოთხოვნის უფლებას (ტომი I, ს.ფ. 4-5).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაება ბ. კ-ძე (ტომი II, ს.ფ. 38-41).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს «პროკრედიტ ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. კ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17230.88 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხის გადახდა; ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადგინდა მ. კ-ძის მიერ იპოთეკით დატვირთული მ. კ-ძის ქონების _ ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მდებარე მიწის ნაკვეთისა და ბ. კ-ძის კუთვნილი დაგირავებული ავტომანქანის («ვაზ-21063», სახელმწიფო ნომრით ¹ბაგ-383) რეალიზაცია (ტომი II, ს.ფ. 56-65).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 82-92).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ბ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმის საფუძველზე, ბ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, რამდენადაც მოცემულ საქმეში იგი არც მხარეს და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს არ წარმოადგენდა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას სააპელაციო სასამართლო ამ საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ ახდენდა, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლი ანალოგიურ შემთხვევაში სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების საპროცესო შესაძლებლობას იძლეოდა (ტომი II, ს.ფ. 161-165).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. კ-ძემ (წარმომადგენელი დ. ხ-ძე) კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა მოითხოვა, შემდეგი მოტივებით:

ბ. კ-ძის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია მისი მამკვიდრებლის _ მ. კ-ძის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა და მისი კუთვნილი ავტომობილის რეალიზაცია. იმ პირობებში, როდესაც ბ. კ-ძე საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილებით მის მიმართ რაიმე ვალდებულების დაკისრება არამართებულია. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული იყო ბ. კ-ძე აღნიშნულ საქმეში მოპასუხის სტატუსით ჩაება. ამდენად, სადავო შემთხვევაში აპელანტი ასაჩივრებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მას გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა, რაც სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გათვალისწინებული (ტომი II, ს.ფ. 183).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას ბ. კ-ძემ (წარმომადგენელი დ. ხ-ძე) განცხადება წარმოადგინა, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის (სარჩელზე უარის თქმა) საფუძველზე მოცემულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა მოითხოვა (ტომი II, ს.ფ. 215).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. კ-ძის (წარმომადგენელი დ. ხ-ძე) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს კერძო საჩივარზე საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე, 399-ე მუხლების საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე ასევე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა _ ბ. კ-ძემ წარმომადგენელ დ. ხ-ძის მეშვეობით კერძო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ წარმომადგენელ დ. ხ-ძისათვის ბ. კ-ძეს მინიჭებული აქვს სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებამოსილება (ტომი II, ს.ფ. 200). მითითებული რწმუნებულება ვადაშია და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, წარმომადგენელ დ. ხ-ძის აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს და სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება.

საკასაციო სასამართლო 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 272-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. კ-ძის (წარმომადგენელი დ. ხ-ძე) შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს ბ. კ-ძის (წარმომადგენელი დ. ხ-ძე) კერძო საჩივრის წარმოება;

3. განემარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.