ას-1028-1299-09 28 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს “ალბას” დირექტორი ი. ქ-შვილი (წარმომადგენელი ა. გ-ია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი L ინტერნატიონალ”
მოპასუხე _ შპს “საქართველოს საგზაო ტრანსპორტი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება, დაგირავებული ქონების რეალიზაცია
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი L ინტერნატიონალ-მა” მოპასუხეების _ შპს “ალბასა” და შპს “საქართველოს საგზაო ტრანსპორტის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს “ალბასათვის” 67 433.10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, აგრეთვე დავალიანების დაფარვის მიზნით გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების _ შპს “საქართველოს საგზაო ტრანსპორტის” კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანების სარეალიზაციოდ მიქცევა (ტომი I, ს.ფ. 2-8).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი L ინტერნატიონალ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ალბას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 67 433.10 აშშ დოლარის გადახდა, სარეალიზაციოდ მიექცა შპს “საქართველოს საგზაო ტრანსპორტის” საკუთრებაში არსებული მერსედესის მარკის ავტომანქანები (უნაგირა საწევრები) (ტომი I, ს.ფ. 145-156);
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ალბამ” (დირექტორი ი. ქ-შვილი), რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იმავდროულად, აპელანტმა იშუამდგომლა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება (ტომი I, ს.ფ. 164-172).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და 2 697 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
დასახელებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა, რამდენადაც იურიდიული პირის სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი არ ითვალისწინებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა და არც სააპელაციო საჩივარს ერთვოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით განსაზღვრული გარემოების (მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის) დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა შპს “ალბასათვის” სახელმწიფო ბაჟის გადავადებას (ტომი II, ს.ფ. 3-4).
ხარვეზის შესავსებად დადგენილ საპროცესო აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. აღნიშნული შუამდგომლობის დასასაბუთებლად აპელანტმა სასამართლოში წარადგინა ნაერთი ამონაწერი სს “საქართველოს ბანკში” არსებული პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 10-19).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შპს ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილს ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით, კერძოდ, დაევალა მითითებულ ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი სათანადო ასლების დართვით, აგრეთვე 2 697 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე გადახდილი 100 ლარის გამოკლებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი გადაევადებინა მხარისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ ეს უკანასკნელი მას წარუდგენდა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აპელანტის მიერ წარდგენილი ამონაწერით შპს “ალბას” იმ ანგარიშიდან, რომელიც მას გახსნილი ჰქონდა საქართველოს ბანკში, შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხოლოდ ის გარემოება, რომ საწარმოს კონკრეტული პერიოდისათვის არ გააჩნდა ნაშთი მხოლოდ საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე (წარდგენილი ამონაწერის მიხედვით), მაგრამ ამ ამონაწერით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო შპს “ალბას” ქონებრივი მდგომარეობა (ტომი II, ს.ფ. 20-21).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, აპელანტის წარმომადგენელ ა. გ-იას სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მოცემულ საქმეზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის განჩინების ასლი შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 14 სექტემბერს. დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა აპელანტს ამოეწურა 2009 წლის 21 სექტემბერს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებას არ ექვემდებარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე უნდა დარჩენილიყო განუხილველი (ტომი II, ს.ფ. 26-28).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე შპს “ალბას” დირექტორმა ი. ქ-შვილმა (წარმომადგენელი ა. გ-ია) კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს “ალბას” სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტმა ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა: დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ. სასამართლომ კანონდარღვევით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადებაზე და იმ მოტივით, რომ მხარეს არ გააჩნდა შესაბამისი მატერიალური მდგომარეობა, უარი თქვა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე ანუ მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აპელანტს წაერთვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლება _ სასამართლო წესით თავისი დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას, ხოლო საქმე სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნებას ექვემდებარება (ტომი II, ს.ფ. 37-40).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ალბას” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის განჩინების ასლი ამავე წლის 14 სექტემბერს ჩაჰბარდა აპელანტის _ შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილის ოჯახის წევრს (ტომი II, ს.ფ. 25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა, უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილის ოჯახის წევრისათვის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის განჩინების ასლის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილის მიერ ჩაბარებად. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მითითებულ მისამართზე შპს “ალბას” დირექტორი სხვა დროსაც იბარებდა სასამართლო კორესპონდენციებს და მას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზია არასოდეს გამოუთქვამს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 7-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 15 სექტემბერს და დასრულდა 2009 წლის 21 სექტემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია და სააპელაციო სასამართლოსთვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ალბას” დირექტორ ი. ქ-შვილის (წარმომადგენელი ა. გ-ია) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.