Facebook Twitter

ბს-102-81-კ-05 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სასტუმროს პრივატიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 7 მაისის ¹249 დადგენილებით დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მათ შორის პრივატიზებას დაექვემდებარა თეთრიწყაროს რაიონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს ბალანსზე რიცხული დაბა ........ სასტუმრო. სასტუმროს პრივატიზების მიზნით, 1997წ. 3 სექტემბერს, 7 და 30 ოქტომბერს გამართული აუქციონი არშემდგარად გამოცხადდა. განაცხადის შეუტანლობის გამო, ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრა 16103 აშშ დოლარით. 1997წ. 17 ნოემბერს გამართულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მესამე პირი _ დ. გ-ი, რომელმაც 50%-იანი ფასდაკლებით, 8051,5 აშშ დოლარად შეიძინა დაბა ...... სასტუმრო. 2000წ. 25 მაისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებას და დ. გ-ს, გ. მ-ეს, ზ. ს-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაბა .......-ში, ..... მდებარე სასტუმრო 8051,5 აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცათ მყიდველებს, ხოლო 1997წ. 21 დეკემბერს გაფორმდა საპრივატიზებო ქონების (სასტუმროს შენობის) მიღება-ჩაბარების აქტი.

1999წ. 10 მაისს კასატორმა მ. ბ-მა სარჩელი აღძრა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებისა და დაბა ...... საკრებულოს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სასტუმროს პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა:

მოსარჩელის მითითებით, 1919წ. 25 ივნისს ვ. ბ-ისაგან მისმა პაპამ (მამის მამა) _ ა. ბ-მა შეიძინა პირად საკუთრებაში ვ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილი 9 საცხოვრებელი ოთახითა და დამხმარე სათავსით. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა უსაფუძვლოდ, სათანადო ორგანოების ოფიციალური გადაწყვეტილების გარეშე, პაპას _ ა. ბ-ს და მის ოჯახს ჩამოართვა საცხოვრებელი სახლი და გახსნეს სასტუმრო. სახლის ნაწილი კი, მოუვლელობისა და უპატრონობის გამო, საცხოვრებლად უვარგისი გახდა. პაპა გარდაიცვალა, 1981 წელს გარდაიცვალა მისი მამაც, ი. ბ-ი. მათ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლის დაბრუნებაზე საკითხის დაყენება. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ დაიწყო სათანადო დოკუმენტების შეგროვება, რის შესახებაც აცნობა საკრებულოს და სახელმწიფო ქონების მართვის რაიგანყოფილებას, რომლებმაც, მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც გაასხვისეს ა. ბ-ისათვის უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლი (სასტუმრო). სახელმწიფო ცენტრალური არქივისა და ......-ის ტექაღრიცხვის ბიუროში არ აღმოჩნდა სათანადო მასალები საცხოვრებელი სახლის ბ-ისათვის ჩამორთმევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების მოქმედება ა. ბ-ისათვის საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის შესახებ უკანონოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს სასტუმროს პრივატიზაციის ხელშეკრულება თავისი შედეგებით და აღდგეს პირვანდელი მდომარეობა, მოსარჩელეს აღუდგეს მემკვიდრეობის მიღების ვადა და პაპის ქონებაზე ცნობილ იქნეს მემკვიდრედ.

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კასატორმა ვ. წ-მა, რომელმაც ასევე მოითხოვა დაბა ...... სასტუმროს პრივატიზების ბათილად ცნობა და მემკვიდრედ აღიარება. მოსარჩელის მითითებით, მისმა პაპამ (მამის მამა) _ ი. წ-მა ა. ბ-თან ერთად, 1919 წელს ვ. ბ-ისგან შეიძინა სახლის ნახევარი, რომელიც 9 ოთახისა და დამხმარე სათავსისგან შედგებოდა. პაპის ოჯახი 1936 წლამდე ცხოვრობდა ნაყიდ სახლში. 1936 წელს საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა პაპის ოჯახს ყოველგვარი საბუთის გარეშე ჩამოართვეს სახლი, სადაც გახსნეს სასტუმრო. პაპამ და მამამ სასოფლო საბჭოსა და რაიკომში გაასაჩივრეს სახლის ჩამორთმევა, მაგრამ სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავთ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ისა და ვ. წ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 1997წ. 17 ნოემბრის აუქციონი და მისი შედეგები, მიღება-ჩაბარების აქტი და .......-ის სასტუმროს ნასყიდობის შესახებ 2000წ. 25 მაისის ხელშეკრულება. სადავო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ და განემარტათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს სანოტარო და საჯარო რეესტრის ორგანოების კომპეტენციას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების თეთრიწყაროს რაიგანყოფილებისა და მესამე პირების მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეთა პაპებს სადავო სახლი ჩამოართვეს 1924 და 1936 წლებში. ასევე დადგენილია, რომ არც ა. ბ-ს და არც ი. წ-ს არასდროს უდავიათ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით. ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე არ უდავიათ, აგრეთვე, მათ მემკვიდრეებს (შვილებს) ი. ბ-ს და გ. წ-ს, რომლებიც გარდაიცვალნენ 1981 და 1965 წლებში, რის გამოც წაერთვათ სკ-ის 1396-ე მუხლით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღების უფლება. მოსარჩელეები არიან მათი კანონისმიერი მემკვიდრეები, რომლებსაც მემკვიდრეობით არ მიუღიათ სადავო სახლი.

ვინაიდან ა. ბ-ის და ი. წ-ის გარდაცვალების დროისათვის სადავო სახლი მათ სახელზე არ იყო რეგისტრირებული, ხოლო სკ-ის 311-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან, აღნიშნული პირები სადავო სახლის მესაკუთრეებად ვერ ჩაითვლებიან. შესაბამისად, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლით სამკვიდრო უფლებები რადგან წარმოიშობა გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონებაზე, სადავო სახლი ვერ შევა მათ სამკვიდრო ქონებაში.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ამჟამად მოქმედი სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საერთო ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს, ხოლო ადრე მოქმედი 1964წ. სამოქალაქო კოდექსით უფრო ნაკლები ხანდაზმულობის ვადა იყო გათვალისწინებული. მოსარჩელეები თავად მიუთითებენ, რომ მათ პაპას სადავო სახლი ჩამოართვეს 1924 და 1936 წლებში. აღნიშნული დროიდან გასულია რამდენიმე ათეულ წელზე მეტი და ამ ხნის მანძილზე მოსარჩელთა წინაპრებს, მამკვიდრებლებს, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ისა და ვ. წ-ის მიერ, რომლებიც შემდეგი მოტივით მოითხოვენ მის გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას:

კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მათი აზრით, სასამართლომ ყოველმხრივ და სრულად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები: 1919წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება მათი პაპების მიერ სადავო სასტუმროს (სახლის) შეძენის ფაქტი, რასაც ადასტურებს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილის ¹03118 წერილობითი მიმართვა დაბა ........-ის საკრებულოს გამგეობისადმი. კასატორთა მითითებით, 1934 წელს მათ წინაპრებზე სადავო სახლის ჩამორთმევა განხორციელდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების გარეშე. სადავო პრივატიზებისას ირკვევა, თითქოს კერძო საკუთრება ........-ის კომუნალურ ბალანსზე ყოფილა აღრიცხული, რაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, რასაც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც ადასტურებს. მოსარჩელეთა აზრით, მესაკუთრეებისათვის სადავო სახლის ჩამორთმევისა და .......-ის კომუნალური განყოფილების ბალანსზე აღრიცხვის თუნდაც უკანონო სამართლებრივი საფუძველი რომ შექმნილიყო, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა “რეპრესირებულთა შესახებ კანონით”. ვინაიდან მესაკუთრისათვის ქონების ჩამორთმევის და ........-ის კომუნალური განყოფილების ბალანსზე აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი, თუნდაც უკანონო, ბუნებაში არ არსებობს, სახლი პრივატიზაციამდე კერძო საკუთრება იყო, პრივატიზება კი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების ქონებას ითვალისწინებს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან სარეზოლუციო ნაწილში არ არის გადაწყვეტილი მათი შეგებებული სააპელაციო საჩივრის ბედი. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში, ნაცვლად პრივატიზაციის კანონიერებისა, მსჯელობს სადავო ქონების სამკვიდრო მასაში არშესვლის ფაქტებზე და რადგან სადავო ქონება სამკვიდრო მასაში არ შესულა, სასამართლოს აზრით, მოსარჩელეებს იურიდიული ინტერესი არ აქვთ, რაც არასწორია და გადაწყვეტილდება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, დაუსაბუთებლობის მოტივით. ამასთან, სასამართლო ხელმძღვანელობს ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, სადავო პრივატიზაცია კი მის ამოქმედებამდეა განხორციელებული.

მოწინააღმდეგე მხარის _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების თეთრიწყაროს სამმართველოს წარმომადგენელმა და მესამე პირებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ისა და ვ. წ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ. ბ-ისა და ვ. წ-ის სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კასატორების სარჩელი, რომლებიც დაბა ........ მდებარე სასტუმროს (“ ........ “) პრივატიზაციის გაუქმებას მოითხოვდნენ იმ მოტივით, რომ სასტუმროს შენობა წარმოადგენდა მათი წინაპრების (პაპების) საკუთრებას. კასატორები ასევე მოითხოვდნენ სასტუმროს შენობაზე მათ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას და განმარტავს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის თანახმად, პრივატიზებას ანუ განსახელმწიფოებრიობას ექვემდებარებოდა მხოლოდ სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრებაში არსებული ქონება და კერძო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია დაბა ....... მდებარე სასტუმროს (“ ....... “) შენობის პრივატიზაცია, რაც განხორციელდა 1997 წლტს 17 ნოემბრის აუქციონის წესით და რომლითაც სასტუმროს შენობა კერძო საკუთრებაში გადაეცათ მესამე პირებს: დ. გ-ის, გ. მ-ესა და ზ. ს-ეს. კასატორთა მითითებით დ. ........ მდებარე სასტუმროს შენობა მათმა წინაპრებმა: ა. ბ-მა და ი. წ-მა 1919 წელს ერთობლითად შეიძინეს ვ. ბ-ისაგან, მაგრამ 1924-1936 წლებში საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მათ საცხოვრებელი სახლი და გახსნეს სასტუმრო. კასატორთა განმარტებით, საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებს, ა. ბ-სა და ი. წ-ს, სასარჩელო წარმოების წესით არ მოუთხოვიათ უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლის დაბრუნება და ისე გარდაიცვალნენ. 1964 წელს ამოქმედებული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე მუხლი, ამჟამად მოქმედი სკ-ის 172-ე მუხლის ანალოგიურად, ითვალისწინებდა მესაკუთრის უფლებების დაცვას და ვინდიკაციური სარჩელით უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვას, მაგრამ კასატორთა განმარტებით, მათი მამებიც, რომლებიც იყვნენ ა. ბ-ისა და ი. წ-ის კანონისმიერი მემკვიდრეები, ისე გარდაიცვალნენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასარჩელო წარმოების წესით არ უდავიათ ვ. ბ-ისაგან 1919 წელს შეძენილი სახლის უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ და როგორც მემკვიდრეებს არ მოუთხოვიათ საცხოვრებელი სახლის დაბრუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაბა ........ სასტუმროს შენობა, როგორც 1919 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, არ წარმოადგენდა კასატორთა მამების საკუთრებას, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი (სასტუმრო) არ შედიოდა მათ სამკვიდრო ქონებაში და იგი ჩარიცხული იყო .......-ის კომუნალური განყოფილების ბალანსზე. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ სადავო პრივატიზება არ ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონს, რადგან სადავო პრივატიზაციამდე სასტუმროს შენობა წარმოადგენდა მუნიციპალურ (სახელმწიფო) საკუთრებას და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, დაუბრკოლებლად შეეძლო მისი განკარგვა, პრივატიზების გზით გასხვისება, თანახმად “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 89-ე მუხლისა.

საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაბა ....... სასტუმროს პრივატიზებით არ შელახულა კასატორთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, რადგან, როგორც აღინიშნა, 1924-36 წლიდან, ანუ ა. ბ-ის და ი. წ-ისათვის საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის მომენტიდან, უძრავი ქონება აღარ წარმოადგენდა მათ საკუთრებას, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი არ შედიოდა მათ სამკვიდრო მასაში. ამიტომ სადავო შენობა არც კასატორების მამების სამკვიდრო ქონებას არ შეადგენდა, რის გამოც მემკვიდრეობის მოტივით დაბა ...... სასტუმროს შენობის პრივატიზაციის ბათილად ცნობა უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატის აზრით, დაუსაბუთებელია ასევე კასატორთა მითითება, რომ სასამართლომ დავის არსებითად გადაწყვეტისას არ იმსჯელა მათ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზეც, რადგან საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩ”ივრეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების თეთრიწყაროს რაიონულმა განყოფილებამ და მესამე პირებმა: გ. მ-ემ, ზ. ს-ემ და გ. გ-მა. კასატორებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებიათ და თბილისის საოლქო სასამართლო, სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და კასატორთა არარსებულ სააპელაციო საჩივარზე, ბუნებრივია, ვერ იმსჯელებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. წ-ისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრული შესწავლა-შეფასებითა და მოქმედი კანონმდებლობის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-სა და ვ. წ-ს უარი ეთქვათ მემკვიდრეობის მოტივით დაბა ....... სასტუმროს პრივატიზაციის ბათილობასა და მათ საკუთრებაში აღრიცხვაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლო, მართალია, გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში სრულად მსჯელობს მ. წ-ისა და ვ. ბ-ის სარჩელების უსაფუძვლობაზე, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული აქვს მხოლოდ მ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც, საკასაციო პალატის აზრით, ხარვეზია და უნდა გამოსწორდეს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია, საქმეზე თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. ბ-ისა და ვ. წ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ბ-ისა და ვ. წ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდეს;

4. კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.