14I-17 ქ. თბილისი
დ-ი რ., 14I-17 3 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - ც. მ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. დ-ს
თარჯიმან - თ. ც-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. დ-ს უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2015 წლის 24 იანვარს გამოტანილ იქნა დადგენილება რ. დ-ს მიმართ ეჭვის მიტანის თაობაზე და შემდეგ დაზუსტდა საბოლოო სახით კვალიფიკაცია: უკრაინის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ორგანიზება) და 296–ე მუხლის მე–4 ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ხულიგნობის ორგანიზება, ანუ საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის მოტივით საზოგადო წესრიგის უხეში დარღვევა, რასაც თან სდევს განსაკუთრებული თავხედობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ სხეულის დაზიანებისათვის განკუთვნილი, წინასწარ დამზადებული ნივთების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით.
2. უკრაინის კომპეტენტური ორგანოებისგან მოწოდებული მასალების თანახმად, რ. დ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს შემდეგი ქმედებებისათვის: 2014 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 5 საათზე, უკრაინის რესპუბლიკაში, ქ. ....., უკრაინის შსს აკადემიის შენობასთან, შეკრებილი იყო 100–ზე მეტი პირი, რომლებიც მოითხოვდნენ არ გამოეყენებინათ აღნიშნული აკადემიის კურსანტები ქ. ..... მოძრაობა „.....“ დემონსტრანტების დარბევისათვის.
რ. დ-ს განზრახული ჰქონდა, ორგანიზება გაეწია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ხულიგნობისათვის, აცნობიერებდა თავისი ქმედების საშიშ ხასიათს და საზოგადოებისათვის მოსალოდნელ საშიშ შედეგებს, კერძოდ იმას, რომ მისი ქმედებით ხელი შეეშლებოდა ინფორმაციის გავრცელებას მიმდინარე მოვლენების შესახებ, სურდა ამ შედეგების დადგომა და ჟურნალისტების ცემის და მათთვის ტექნიკის დაზიანების გზით, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის ფიქსაციისათვის, პ. ს-ს დახმარებით ორგანიზება გაუწია ჟურნალისტებზე უკანონო თავდასხმას. ორგანიზება გამოიხატა წინასწარ მომზადებული 4–ზე მეტი დაუდგენელი პირისათვის მითითებების მიცემასა და მათი ქმედებების კოორდინაციაში. აღნიშნულ პირებს ეცვათ ..... ჟილეტები, რომლებზეც დამაგრებული იყო შუქის ამრეკლი ლენტები, ეკეთათ ნიღბები, რომლებიც უფარავდათ სახეებს, ხოლო მათი უმეტესობა შეიარაღებული იყო სხეულის დაზიანებისათვის განკუთვნილი, წინასწარ დამზადებული ნივთებით. ეს აშკარად უთითებდა მათ განზრახვაზე, ჩაედინათ ზემოაღნიშნული დანაშაული, მათ შორის - სხეულის დაზიანების მიყენებით.
რ. დ-ს ორგანიზებით, პ. ს-ს დახმარებითა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მონაწილეობით, განხორციელდა თავდასხმა სატელევიზიო არხის - „.....“ ჟურნალისტებზე, კერძოდ, კორესპოდენტ მ. მ-სა და ოპერატორ ა. ბ-ზე. თავდასხმის შედეგად, 2014 წლის 1 მარტის სასამართლო–სამედიცინო №..... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. ბ-მ მიიღო მსუბუქი კატეგორიის სხეულის დაზიანება, აგრეთვე ხელი შეეშალა მითითებული ჟურნალისტების კანონიერ პროფესიულ საქმიანობას.
ამასთან, აღნიშნული მოვლენების დროს რ. დ-ს ხელმძღვანელობით გამოძიებით დაუდგენელი პირები იყენებდნენ ფიზიკურ ძალას და მუქარას ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით კი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტის მშვიდობიან აქციებში, რაც გამოიხატებოდა მომიტინგეთა მისამართით აგრესიულ გამონათქვამებში, დამზადებული ნივთებით სხეულის დაზიანების მუქარაში, სხეულის დაზიანებების მიყენებასა და სხვა, აქტიურ მოქმედებებში.
3. 2016 წლის 21 ივნისს ხარკოვის ოლქის პოლიციის მთავარი განყოფილების ..... პოლიციის განყოფილების ..... პოლიციის განყოფილების დადგენილებით რ. დ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა და შეჩერდა წინასასამართლო გამოძიება.
4. 2016 წლის 21 ოქტომბერს ქ. ..... ჩერვონოზავოდსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით რ, დ-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.
5. რ. დ-ი უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
6. 2016 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი რ.დ-ი და 2016 წლის 22 ოქტომბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით მას შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
7. 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალური პროკურატურიდან მიიღო რ. დ-ს ექსტრადიციის თაობაზე უკრაინის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალები (დედნები), ხოლო 2016 წლის 22 დეკემბერს - დამატებითი ინფორმაცია.
8. 2017 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით რ. დ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 20 აპრილამდე, ხოლო იმავე სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით დამატებით გაგრძელდა - 9 თვემდე.
9. 2017 წლის 18 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა რ. დ-ს უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ ქმედებებისათვის, რომლებისთვისაც მისი ექსტრადიციაა მოთხოვნილი და დასჯადია, შესაბამისად, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ორგანიზება) და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 296–ე მუხლის მე–4 ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ხულიგნობის ორგანიზება, ანუ საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის მოტივით საზოგადო წესრიგის უხეში დარღვევა, რასაც თან სდევს განსაკუთრებული თავხედობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ სხეულის დაზიანებისათვის განკუთვნილი, წინასწარ დამზადებული ნივთების გამოყენებით).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი რ. დ-ს უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებისთვისაც მისი ექსტრადიცია მოთხოვნილი და დასჯადია, შესაბამისად, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ორგანიზება) და უკრაინის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296–ე მუხლის მე–4 ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ხულიგნობის ორგანიზება, ანუ საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის მოტივით საზოგადო წესრიგის უხეში დარღვევა, რასაც თან სდევს განსაკუთრებული თავხედობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ სხეულის დაზიანებისათვის განკუთვნილი, წინასწარ დამზადებული ნივთების გამოყენებით).
11. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: რ. დ-ი უკრაინის რესპუბლიკაში 2007 წლიდან ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და იყო პოლიტიკური პარტია - „…..“, ….. და ….. რაიონული ორგანიზაციების წევრი. იგი მხარს უჭერდა უკრაინის რესპუბლიკის წინა ხელისუფლებას და ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რის გამოც მოქმედი ხელისუფლება დევნიდა და სწორედ ამიტომ დააბრალეს ხსენებული დანაშაულების ჩადენა; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია უკრაინის პროკურატურის დაპირება, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება პოლიტიკური ნიშნით; გარდა ამისა, მართალია, საქართველოს სასამართლოს უფლებამოსილება არ გააჩნია, რომ შეამოწმოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის საკითხი, მაგრამ საქმის მასალებიდან, კერძოდ, თავად იმ ჟურნალისტების განმარტებებიდან, რომლებიც თავდასხმის ობიექტებს წარმოადგენენ, აშკარად დასტურდება, რომ რ. დ-ს დანაშაული არ ჩაუდენია; რ. დ-ს პერსონალური მონაცემები და საცხოვრებელი სახლის მისამართი განათავსეს ე.წ. „…..“ საიტზე, რაც მომავალში, ფაქტობრივად, მის უცილობელ სიკვდილს უდრის, რადგან მოხდა მითითებულ საიტზე განთავსებული არაერთი პირის ლიკვიდაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ უკრაინის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. დ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 2016 წლის 20 ოქტომბერს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება რ. დ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკრაინის რესპუბლიკაში იდევნება პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან ექსტრადიციის მასალებში არ მოიპოვება, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირსა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არ წარმოუდგენიათ რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა მითითებული ფაქტის რეალობა.
5. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ რ. დ-მ გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და რ. დ-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
6. კასატორი ასევე განმარტავს, რომ უკრაინის რესპუბლიკას არ წარმოუდგენია რ. დ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის შესახებაც პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არ იხილავს რ. დ-ს ბრალეულობის საკითხს და მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია უკრაინის რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით.
7. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ რ. დ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთლობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან მისი პირადი მონაცემები განათავსეს ე. წ. „…..“ საიტზე, რადგან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერც ამ შემთხვევაში წარმოუდგინეს სასამართლოს რაიმე უტყუარი ინფორმაცია, რომელიც მისი უსაფრთხოების თაობაზე ეჭვს წარმოშობდა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. დ-ს უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებისთვისაც მისი ექსტრადიცია მოთხოვნილი და დასჯადია, შესაბამისად, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ორგანიზება) და უკრაინის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296–ე მუხლის მე–4 ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ხულიგნობის ორგანიზება, ანუ საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის მოტივით საზოგადო წესრიგის უხეში დარღვევა, რასაც თან სდევს განსაკუთრებული თავხედობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ სხეულის დაზიანებისათვის განკუთვნილი, წინასწარ დამზადებული ნივთების გამოყენებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი