ას-1030-1301-09 3 დეკემბერი , 2009წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), ლ. მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “სადია შ.A.”, “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკი”
წარმომადგენლები _ დ. კ-ძე, კ. ნ-შვილი, ქ. ქ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “აგროტექნიკის ჯგუფი”
წარმომადგენელი _ ა. კ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს “აგროტექნიკის ჯგუფის” სარჩელი მოპასუხეების _ ფირმა “სადია შ.A.-სა “ და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სარჩელი საბანკო გარანტიის ფარგლებში გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და ფირმა “სადია შ.A.”-სა და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკს” შპს “აგროტექნიკის ჯგუფის” სასარგებლოდ დაეკისრათ 1 392 064,32 აშშ დოლარის გადახდა; შპს “აგროტექნიკის ჯგუფის” სარჩელი საბანკო გარანტიის მიღებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და ფირმა “სადია შ.A.”-სა და ფირმა “ველაქს ფუდ ლოჯისტიკს” შპს “აგროტექნიკის ჯგუფის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრათ 76 300 აშშ დოლარი, შპს “აგროტექნიკის ჯგუფს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე საბანკო კრედიტზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 244 405 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, შპს “აგროტექნიკის ჯგუფს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2008 წლის 17 იანვრიდან ყოველთვიურად 28000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ასევე ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მიუღებელი შემოსავლის სახით 199 533 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფირმა “სადია შ.A.”-ს და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” წარმომადგენელმა ქ. ქ-ავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ფირმა “სადია შ.A-სა” და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ფირმა “სადია შ.A-სა” და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” წარმომადგენელ ქ. ქ-ავას გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, ... ქ.¹8-ში. გზავნილის ჩაბარების შესახებ 2009 წლის 3 აგვისტოს საფოსტო შეტყობინების თანახმად, ადრესატმა შეიცვალა მისამართი, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ გზავნილი ჩაბარებულად ჩათვალა 2009 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ვინაიდან აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 7 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, 2009 წლის 17 აგვისტოს ქ. ქ-ავას თანაშემწე _ რ. ჭ-ელმა სასამართლოს აცნობა მისამართის შეცვლის თაობაზე და სხდომის მდივანს განუცხადა, რომ გადაწყვეტილების ასლს პირადად ჩაიბარებდა. მან გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2009 წლის 21 აგვისტოს უშუალოდ სასამართლოში. თუმცა სასამართლოს განმარტებით ვადის ათვლა აღნიშნული თარიღიდანაც რომ დაწყებულიყო, მათ მიერ სააპელაციო საჩივარი მაინც ვადადარღვევით არის შეტანილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ფირმა “სადია შ.A-ს” წარმომადგენლებმა დ. კ-ძემ და კ. ნ-შვილმა და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” წარმომადგენელმა ქ. ქ-ავამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის, არსებითად განხილვის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძველბით:
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ წარმომადგენლის ქ. ქ-ავას მიერ მისამართის შეცვლა სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა, ვინაიდან ქ. ქ-ავამ იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე 2008 წლის 15 აპრილს აცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დაწყება 2009 წლის 3 აგვისტოდან სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია;
ამას გარდა, კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, რ. ჭ-ელი, რომელმაც 2009 წლის 21 აგვისტოს ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ქ. ქ-ავას თანაშემწე არ არის, და აღნიშნული სიმართლეც რომ ყოფილიყო, მისთვის გადაწყვეტილების გადაცემა არ ნიშნავდა გადაწყვეტილების მხარის წარმომადგენლისათვის გადაცემას, ვინაიდან მასზე შესაბამისი მინდობილობა გაცემული არ ყოფილა. საზოგადოების უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ნატო მურცხვალიძე, რომელმაც გადაწყვეტილება ჩაიბარა 2009 წლის 25 აგვისტოს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა 2009 წლის 25 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კერძო საჩივარზე თავისი მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ა. კ-შვილმა, რომლის მოსაზრებით, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ფირმა “სადია შ.A-ს” წარმომადგენელ დ. კ-ძისა და კ. ნ-შვილის და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” წარმომადგენელ ქ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ფირმა “სადია შ.A-სა” და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” წარმომადგენელ ქ. ქ-ავას გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, ... ქ.¹8-ში. გზავნილის ჩაბარების შესახებ 2009 წლის 3 აგვისტოს საფოსტო შეტყობინების თანახმად, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაჰბარდა შეცვლილი მისამართის გამო (ტ.2 ს.ფ. 65). სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, გზავნილი ჩაბარებულად ჩათვალა 2009 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ვინაიდან აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 7 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
კერძოO საჩივრის ავტორების მტკიცებით ქ. ქ-ავამ იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე 2008 წლის 15 აპრილს აცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის სახელზე შეტანილი განცხადების ასლი კომპანია ,,ბი-ელ-სის” მიერ საადვოკატო ოფისის მისამართის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, კერძოO საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დაწყება 2009 წლის 3 აგვისტოდან სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ აცნობეს სასამართლოს თავიანთი მისამართის შეცვლისა და ახალი მისამართის შესახებ, ამას შეიძლება მოჰყვეს მათთვის არახელსაყრელი შედეგი. კერძოდ, უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს მხარეებს მისამართის შეცვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პროცესის სუბიექტებს და პირველ რიგში საქმის განმხილველ მოსამართლეს, ვინაიდან სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს საქმეში არსებული და წარმოდგენილი მასალებით. ინფორმაცია არ უნდა იყოს ზოგადი ხასიათის, არამედ უნდა იყოს მითითებული საქმეები, რომელთა წარმოებისას ეს ინფორმაცია გათვალისწინებული უნდა იქნეს. განსახილევლ შემთხვევაში კი, კერძო საჩივარზე თანდართული წერილით დასტურდება, რომ იურიდიული კომპანია ,,ბი-ელ-სის” ადვოკატმა ა. ლ-ავამ მისამართის შეცვლის თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს. აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ მისამართი შეიცვალა იურიდიული კომპანია ,,ბი-ელ-სმა”, რომელიც პირველი ინსტანციაში წარდგენილ მასალებით არ წარმოადგენს მხარის წარმომადგენელს. ასეთი სახის ინფორმაცია არ მისცემდა სასამართლოს იმის საფუძველს რომ მოპასუხის წარმომადგენელ ქ. ქ-ავასთვის გზავნილები გაეგზავნა სხვა მისამართზე. ამასთან, კანცელარია ვერ მოახდენდა იმ საქმეების იდენტიფიცირებას, რომელზეც წარმომადგენლად გამოდიოდა ,,ბი-ელ-სის” ადვოკატი ქ. ქ-ავა, ვინაიდან კანცელარია საქმეების აღრიცხვას აწარმოებს მხარეთა და არა წარმომადგენელთა მიხედვით.
ამას გარდა, 2009 წლის 29 აპრილს, მას შემდეგ რაც იურიდიულმა კომპანიამ ,,ბი-ელ-სის” მისამართის შეცვლის თაობაზე აცნობა სასამართლოს, (აცნობა 2009 წ. 15 აპრილს ), ქ. ქ-ავას მიერ წარმოდგენილ წერილობით საპაექრო სიტყვაში (ტ.2 ს.ფ. 40), მის მიერ მითითებულია ისევ ძველი მისამართი, შესაბამისად, სასამართლოსათვის ცნობილი უკანასკნელი მისამართი იყო ... ქ.¹8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კერძოOსაჩივრის ავტორთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გადაწყვეტილების ასლი არასწორ მისამართზე გაეგზავნათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფირმა “სადია შ.A.A-ს” წარმომადგენელ დ. კ-ძისა და კ. ნ-შვილის და ფირმა “ველაქს ფუუდ ლოჯისტიკის” წარმომადგენელ ქ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.