საქმე №222აგ-16 თბილისი
მ-ე დ., 222აგ-16 18 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენით დ. მ-ე, - დაბადებული 19.. წლის 2 სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის მარტის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია). სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 6 ნოებრიდან იმავე წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 9 ოქტომბრის - ბ. შ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 28 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. მ-ს განესაზღვრა 32 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 მაისიდან.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით დ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 28 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 21 წლით, 3 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. მ-ს განესაზღვრა 24 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 მაისიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მის მიმართ განაჩენების გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: ამავე განაჩენით სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებისათვის (სულ 14 ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. მ-ს განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 მაისიდან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დ. მ-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დ. მ-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.
11. 2016 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა დ. მ-მ და მისმა ადვოკატმა დ. ს-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ადვოკატის - დ. ს-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება იმავე სამართლებრივი საფუძვლით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) ზემოაღნიშნული ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არ უცვნია არაკონსტიტუციურად და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ საქმე წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, - საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მაგრამ, ვინაიდან დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო შუამდგომლობა (რომლის გასაჩივრების პროცედურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს), 2016 წლის 11 ნოემბერს კი განიხილა და გამოიტანა განაჩენი, - საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
5. ამასთან, საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ასევე, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
6. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა წარიმართოს იმ კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი.
7. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს (მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, წარდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი არ არსებობდა) საქმე უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი გამოიტანა საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონის) მიხედვით, - საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს გარემოება, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველს.
8. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომლის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე, 570-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ადვოკატის - დ. ს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა წარიმართოს და სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
9. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, იგი არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ადვოკატის - დ. ს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
2. მსჯავრდებულ დ. მ-ს სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ბ. ალავიძე